ქურდობაში ბრალდებულ ქართველ სამხედროებს 3000 ლარიანი გირაო შეუფარდეს
თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს ცხრა სამხედრო მოსამსახურეს აღკვეთის ღონისძიებად 3000-3000 ლარიანი გირაო შეუფარდა. საუბარია ავღანეთში, მიმდინარე წლის ივლისში საავიაციო ბაზა ბაგრამზე არსებულ სავაჭრო ობიექტში მომხდარ ქურდობის ფაქტზე.
„გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 24 ივლისს, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული, სამშვიდობო მისიაში მონაწილე ერთ-ერთი ქვეითი ბატალიონის 5 სამხედრო მოსამსახურე თავისუფალ დროს შევიდა მათ საცხოვრებელ ყაზარმასთან ახლოს არსებულ ე.წ. „PX“-ს ქსელის ერთ-ერთ მაღაზიაში, ფარულად დაეუფლნენ სხვადასხვა დასახელების 2952.29 აშშ დოლარის ღირებულების ნივთებს. იმავე დღეს, აღნიშნული პირები იგივე ბატალიონის სხვა 4 თანამზრახველთან ერთად იმავე ქსელის სხვა მაღაზიაში ასევე ფარულად დაეუფლნენ სხვადასხვა დასახელების 3599.60 აშშ დოლარის ნივთებს“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამინისტრომ მყისიერად შეწყვიტა დანაშაულში სავარაუდოდ მონაწილე პირების მივლინება და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით, საქართველოში დააბრუნა ისინი. სამინისტროს განმარტებით, საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით ჩატარდა ყველა ტიპის საგამოძიებო მოქმედებები: მოწმის სახით გამოიკითხა 20 პირი, მოხდა ორივე მაღაზიაში შემთხვევის ადგილის დათვალიერება, განხორციელდა ამერიკული მხარის მიერ გადმოცემული, მაღაზიებში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერების დათვალიერება, მოწმეთა ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ასევე ამოღებული იქნა დანაშაულში სავარაუდოდ მონაწილე პირთა მობილური ტელეფონები, ასევე ჩატარდა სხვა საგამოძიებო მოქმედებები.
9 სამხედრო მოსამსახურისთვის წარდგენილი ბრალდება, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებს მოიცავს, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.