ალექსეი ნავალნი აცხადებს, რომ აპირებენ წაუყენონ ბრალი ცილისწამებისათვის
რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ალექსეი ნავალნი აცხადებს, რომ აპირებენ მისთვის ბრალის წაყენებას ცილისწამების მუხლით, რომელზეც სისხლის სამართლის საქმე 2016 წელს აღიძრა. გავრცელებული ვიდეობლოგის თანახმად, ბრალის გამოსაცხადებლად მისი ადვოკატი 15 ოქტომბრის დილით გააფრთხილა შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებელმა. ალექსეი ნავალნის ცილისწამებაში ადანაშაულებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, პაველ კარპოვი, რომელიც მაგნიტსკის საქმის ფიგურანტია. 2016 წელს მაგნიტსკის საქმის ყოფილმა გამოძიებელმა კარპოვმა პოლიციას მიმართა საჩივრით, რომელშიც იგი აცხადებს, რომ ნავალნიმ და სხვა მისთვის უცნობმა პირებმა მას დააბრალეს მძიმე დანაშაულების ჩადენა. საქმე ეხება ოთხ ვიდეორგოლს სახელწოდებით „ხელშეუხებელთა კასტა“ ( Russian untouchables), რომლებიც უილიამ ბრაუდერმა, საინვესტიციო ფონდ „ჰერმიტიჯ კაპიტალ მენეჯმენტის“ თანადამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, გაავრცელა. მასში კაპროვს მიეწერება რუსეთის ბიუჯეტიდან 230 მილიონი დოლარის დატაცება და იურისტზე ზეწოლა. ნავალნის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ცილისწამების მუხლით არის აღძრული, რაც მაქსიმალურ სასჯელად ითვალისწინებს ხუთი მილიონი რუბლის ჯარიმას ან სავალდებულო სამუშაოს 480 საათის ვადით. ნავალნი 14 ოქტომბერს დილით გაათავისუფლეს მოსკოვის სამხრეთში მდებარე საპატიმროდან. მან 20 დღე დაჰყო ციხეში ანტისამთავრობო დემონსტრაციის ორგანიზებისთვის.