ფარულ აუდიოჩანაწერებზე პროკურატურაში ვიქტორ ჯაფარიძისა და ი. პ.-ს გამოკითხვა მიმდინარეობს
რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურაში 14 ოქტომბერს გამოქვეყნებული ჩანაწერების ერთ-ერთი ფიგურანტის, საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძის გამოკითხვა მიმდინარეობს. იკითხება ასევე სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი, ი.პ. პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სწორედ ი.პ-ს განცხადების საფუძველზე დაიწყო. კერძოდ, „მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს, მასზე განხორციელდა შანტაჟი და ზეწოლა: პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების მუქარით მოქალაქე ი.პ.-ს მოსთხოვეს პატიმარ მ.ს-ს შეხვედრების ფარული ჩანაწერების გავრცელება”-აღნიშნულია განცხადებაში.
პროკურატურის თანახმად, გამოძიება ამ ეტაპზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, ჩანაწერის უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1571-ე მუხლის პირველი ნაწილით, 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით