უგულავა: ზუგდიდში „ქართული ოცნება" 17-მა წევრმა დატოვა და „ევროპულ საქართველოს“ შეუერთდა
„ევროპული საქართველოს“ წევრის განმარტებით, მათი გადაწყვეტილების მიზეზი ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და მმართველი პარტიის მიერ არჩევნებზე საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერაა. „ევროპული საქართველოს“ ახალმა წევრებმა ჟურნალისტებს დაუდასტურეს ინფორმაცია, რომ მათი გადაწყვეტილების მიზეზი შეუსრულებელი დაპირებები და სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერაა.
თავის მხრივ, მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ადამიანები, რომლებიც ზუგდიდში „ევროპული საქართველოს“ რიგებს შეუერთდნენ, მათი წევრები არ არიან და არც არასდროს ყოფილან. საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, თამუნა ჯიქიას, თქმით, ამ პირებს მათი პარტიის ბილეთი არასდროს ჰქონიათ, რადგან უმრავლესობა „რესპუბლიკელია“, სხვები კი - „მრეწველებისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლები.
