ქერჩის პოლიტექნიკურ კოლეჯში მომხდარ აფეთქებას ტერაქტად აფასებენ
რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ქალაქ ქერჩის პოლიტექნიკურ კოლეჯში მომხდარი აფეთქების მიზეზია დაუდგენელი ასაფეთქებელი მოწყობილობა - იტყობინებიან რუსეთის მედიასაშუალებები რუსეთის ეროვნულ ანტიტერორისტულ კომიტეტზე დაყრდნობით. უწყებაში აცხადებენ, რომ ამჟამად მუშაობენ განმეორებითი აფეთქებების თავიდან ასაცილებლად. როსგვარდიის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ, სერგეი მელიკოვმა მომხდარს ტერაქტი უწოდა. ადრე რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლი კოლეჯში აფეთქებასთან დაკავშირებით განიხილავს ტერაქტის ვერსიას. მანამდე იტყობინებოდნენ, რომ შენობაში მოხდა გაზის აფეთქება. ზოგიერთმა თვითმხილველმა სხვადასხვა მედიასაშუალებას უთხრა, რომ ძლიერი აფეთქების წინ გაიგონეს სროლის ხმაც. ერთ-ერთი მოწმის თქმით, სროლის ხმა ისმოდა აფეთქების შემდეგაც. კოლეჯის დირექტორმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ შენობაში შეიჭრნენ შეიარაღებული პირები, რომლებმაც მოსწავლეებს ცეცხლი გაუხსნეს და ასაფეთქებელ მოწყობილობებს ისროდნენ. თავად დირექტორი შენობაში არ იმყოფებოდა. დაღუპულთა რიცხვმა ათს მიაღწია. დაჭრილია 50-ზე მეტი. ეს მონაცემები დაადასტურა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა.