კადიროვი ისევ დაემუქრა ინგუშებს, რომლებიც ჩეჩნეთთან მიწების გაცვლას აპროტესტებენ
ჩეჩნეთის ლიდერი რამზად კადიროვი კვლავ დაემუქრა ინგუშებს, რომლებიც აპროტესტებენ ჩეჩნეთთან მიწების გაცვლას. ინგუშეთის დედაქალაქ მაგასში დემონსტრაციებთან დაკავშირებით, კადიროვმა 19 ოქტომბერს თქვა: „თუ ნამდვილი ვაჟკაცები ხართ, ჩემ ტერიტორიაზე მოდით და იქ გამართეთ მიტინგი. ამის მერე თუ აქედან ცოცხლები წახვალთ, მაშინ მართლაც ვყოფილვარ ის რამზანი, თქვენ რომელზეც ლაპარაკობთ“. ცნობების თანახმად, ინგუშეთში დემონსტრანტებმა კადიროვი „მწყემსად“ მოიხსენიეს. პროტესტს იწვევს სასაზღვრო შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს ჩრდილოეთ კავკასიის ამ ორ რესპუბლიკას შორის ტერიტორიების გაცვლას და რომლითაც, ინგუშების აზრით, ჩეჩნეთი მოგებული რჩება. აქციებზე ზოგ დღეს ათასობით ადამიანი იკრიბება, ხოლო დემონსტრანტების მომცრო ჯგუფი ღამითაც რჩება მაგასის ცენტრალურ მოედანზე. კადიროვს ნათქვამი აქვს, რომ ინგუში დემონსტრანტები „პასუხს აგებენ“. კადიროვმა და ინგუშეთის ლიდერმა იუნუს-ბეკ ევკუროვმა 26 სექტემბერს მოაწერეს ხელი შეთანხმებას ორ რეგიონს შორის ადმინისტრაციული საზღვრების გამყარების შესახებ. ეს დოკუმენტი ითვალისწინებს მიწების გაცვლას.