საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უპასუხეს იტალიაში მედოევის "ვიზიტს"
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის, დიმიტრი მედოევის იტალიაში ყოფნის გამო ოფიციალური კომენტარი გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესის და ინფორმაციის დეპარტამენტმა. მისი განცხადებით, „რუსეთის ფედერაცია აგრძელებს თავის მცდელობებს შექმნას წარმოდგენა, თითქოს საერთაშორისო თანამეგობრობა მხარს უჭერს და ცნობს საოკუპაციო რეჟიმებს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში. ცხადია, მოსკოვის ეს ძალისხმევა არის უშედეგო, ვინაიდან საერთაშორისო თანამეგობრობა და მათ შორის, იტალია სრულადაა ინფორმირებული ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე უკანონო პროცესების შესახებ და მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.“
საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ „რუსეთის ფედერაციის ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის ლობირების მიმართულებით არის უშედეგო და ამ ფონზე მოსკოვი ცდილობს ადგილზე არსებული უკანონო პროცესების ლეგიტიმაცია მოახდინოს მსგავსი ე.წ. ვიზიტების ორგანიზების გზით.“
„ჩვენ დიპლომატიური არხების მეშვეობით დაუყოვნებლივ საქმის კურსში ჩავაყენეთ იტალიის მხარე, რომელმაც აღგვითქვა მტკიცე მხარდაჭერა ამ პროცესში, არაღიარების პოლიტიკის განმტკიცების მიზნით. ჩვენ მადლობას ვუხდით საერთაშორისო თანამეგობრობას და მათ შორის, იტალიას საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის ურყევი მხარდაჭერისათვის“ - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესის და ინფორმაციის დეპარტამენტის ოფიციალურ კომენტარში.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „მინისტრი“ დიმიტრი მედოევი იტალიის სიცილიის ოლქში შეხვდა ქალაქ რანდაცოს მერს, ფრანჩესკო სგროის, რომელმაც გამოთქვა მზადყოფნა ცხინვალთან გააფორმოს თანამშრომლობის შეთანხმება.