ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ აშშ-თან საქართველოს ასეთი ახლო ურთიერთობა არასოდეს ჰქონია
ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მთავარი პარტნიორი უწოდა აშშ-ს და განაცხადა, რომ აშშ-თან საქართველოს ასეთი ახლო ურთიერთობა არასოდეს ჰქონია. „ჩვენ ასევე უაღრესად ახლოს ვართ ჩვენი ფასეულობებით ევროპის განვითარებულ სახელმწიფოებთან. ჩვენ დაბალანსებული ურთიერთობები გვაქვს ყველა მეზობელთან და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, მოვახერხოთ, არა ჩვენი ტერიტორიების სანაცვლოდ, რა თქმა უნდა, დავალაგოთ ურთიერთობები ჩვენ დიდ მეზობელთან“, - ასეთი პასუხი გასცა კოალიცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა შეკითხვას, თუ რამდენად არის საქართველოსათვის საფრთხის შემცველი მოსკოვის მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები ლუგარის ლაბორატორიის გარშემო. „არავითარი ქიმიური თუ ბიოლოგიური ცდები იქ არ ტარდება. ეს არის ცილისმწამებლური გამონათქვამი. საპირისპირო განცხადებები ჩვენგან ბევრი გაკეთდა. და მე ვფიქრობ, რომ ეს ალბათ არის იმ დიდი პოლემიკის ნაწილი, რაც აშშ-სა და რუსეთს შორის მიმდინარეობს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც ორი საათის განმავლობაში პასუხობს „რუსთავი 2-ის“, „იმედის“ და „პირველის“ ჟურნალისტების შეკითხვებს. შეხვედრის ინიციატორი თავად ბიძინა ივანიშვილია.