თურქეთი მასპინძლობს სირიის შესახებ სამიტს რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის მონაწილეობით
შაბათს სტამბოლში იმართება თურქეთის, რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერების სამიტი, რომელიც ეძღვნება უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ და პოლიტიკურ ვითარებას სირიაში. სამიტის მიზანია, გამოინახოს პოლიტიკური მოგვარების გზა სირიის სამოქალაქო ომისა, რომელმაც შვიდი წლის განმავლობაში 400 ათასი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და მილიონობით ადამიანი ლტოლვილად აქცია. თურქეთის პრეზიდენტ რეჟეპ ტაიპ ერდოანის სტუმრები არიან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. როგორც ვარაუდობენ, ისინი შეეცდებიან ხელი შეუწყონ საზავო შეთანხმების შენარჩუნებას სირიის ჩრდილო-დასავლეთ პროვინცია იდლიბში. გასულ თვეში მიღწეულმა შეთანხმებამ ხელი შეუშალა სამთავრობო ჯარების იერიშს მეამბოხეთა ხელთ დარჩენილი ამ უკანასკნელი დასაყრდენის წინააღმდეგ. შიშობდნენ, რომ ეს იერიში ლტოლვილთა ახალ კრიზისს წარმოშობდა. სტამბოლის სამიტის დღის წესრიგშია ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების უზრუნველყოფა, კონსტიტუციის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები და ომით გაჩანაგებული ქვეყნის აღდგენის გეგმები.