მექსიკამ მიგრანტთა კრიზისის მოსაგვარებლად გეგმა წამოაყენა
მექსიკის პრეზიდენტმა ენრიკე პენია ნიეტომ წამოაყენა გეგმა მექსიკის გავლით აშშ-ში თავშესაფრის საძიებლად მიმავალი მიგრანტების პრობლემის მოსაგვარებლად. მიგრანტებს, რომლებიც მზად არიან, თავშესაფარი ითხოვონ მექსიკაში, მექსიკამ შესთავაზა დროებით მუშაობის უფლება, საბუთები, სამედიცინო დაზღვევა და განათლება ბავშვებისთვის.
წელს მექსიკაში გამწვავდა საიმიგრაციო კრიზისი. ათასობით ადამიანი მიემართება მექსიკის გავლით აშშ-ში, რათა იქ ითხოვოს თავშესაფარი. მათი უმრავლესობა ამას აკეთებს საკუთარ ქვეყანაში ცხოვრების დაბალი დონის გამო. ეკონომიკური მიგრანტები არ არიან იმავე უფლებებით დაცული, რა უფლებებითაც სარგებლობენ ლტოლვილები და ადამიანები, რომელთაც პოლიტიკური თავშესაფარი ესაჭიროებათ, და სხვა ქვეყნები არ არიან ვალდებული, მიიღონ ისინი.
ამჟამად აშშ-ის საზღვრებისკენ მიემართება მიგრანტების კოლონა, რომელიც რამდენიმე ათასი ადამიანისგან შედება. მათმა უმრავლესობამ უარი განაცხადა მექსიკის ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ გეგმაზე. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მექსიკის საზღვარზე სამხედროების გაგზავნა მოითხოვა მიგრანტების კოლონის შესაჩერებლად. პრეზიდენტის თხოვნით, პენტაგონი მექსიკის საზღვარზე ათასამდე სამხედრო მოსამსახურეს განალაგებს. ისინი დაეხმარებიან ეროვნული გვარდიის ორი ათასამდე მოსამსახურეს, რომლებიც უკვე იცავენ საზღვარს.