რობერტ კობლიაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ მოიპოვა ბრინჯაოს მედალი
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე გამოსვლა ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე ნუგზარ წურწუმიას (55 კგ) შემდეგ კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე რობერტ კობლიაშვილი (87 კგ) ავიდა.
ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა კობლიაშვილმა უმაღლესი ტიტულისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი მეოთხედფინალში დაკარგა. შემდეგ კი რეპეშაჟში გადაერთო, ორი შეხვედრა მოიგო და ზედიზედ მეორედ დაეუფლა მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალს.
2018 წლის საჭიდაო სეზონის უმთავრესი შეჯიბრება ხვალ დასრულდება მედლების ბოლო სამი კომპლექტის გათამაშებით. საპრიზო სამეულები 77, 97 და 130 კილოგრამ წონით კატეგორიებში ქართველების გარეშე შეივსება, რადგან თორნიკე ძამაშვილმა (77 კგ), რევაზ ნადარეიშვილმა (97 კგ) და ზვიად პატარიძემ (130 კგ) დღეს დაკარგეს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი.