არჩევნებს 100 ათასზე მეტი მეთვალყურე ჰყავს
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებულია 73 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 22 000-ზე მეტი მეთვალყურე და 58 საერთაშორისო ორგანიზაციის 1100-ზე მეტი დამკვირვებელი. მათ გარდა, არჩევნებს აკვირდება თავად საარჩევნო სუბიექტების 82000-ზე მეტი მეთვალყურე.
არჩევნებისთვის თბილისში გახსნილია მედია-ცენტრი, სადაც ქართული სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში გამართავენ ბრიფინგებს საქართველოს მასშტაბით არჩევნების მიმდინარეობის და სავარაუდო დარღვევების შესახებ.
საარჩევნო პროცესის გასაშუქებლად ცესკოს მიერ აკრედიტებულია 94 ადგილობრივი და 31 უცხოური მედიასშუალების 2000-ზე მეტი ჟურნალისტი.