პოლიცია ტერაქტად განიხილავს მანჩესტერში მომხდარ თავდასხმას
დიდი ბრიტანეთის პოლიციამ დაადასტურა, რომ ტერაქტად განიხილავს ქალაქ მანჩესტერში, რკინიგზის სადგურ „ვიქტორიაში“ მომხდარ თავდასხმას. 31 დეკემბერს საღამოს, დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა დაჭრა სამი ადამიანი, მათ შორის პოლიციელი. სამართალდამცავებმა დააკავეს 25 წლის ეჭვმიტანილი. ბრიტანული პრესა თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ თავდამსხმელი ყვიროდა „დიდება ალაჰს.“ ეჭვმიტანილი მანჩესტერის მცხოვრებია, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა ის დიდი ბრიტანეთის მოქალაქე. მანჩესტერის პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმას იძიებენ როგორც ტერაქტს, თუმცა, განიხილება ეჭვმიტანილის ფისიქიკური აშლილობის ვერსიაც. 2017 წლის 22 მაისს, მანჩესტერის საკონცერტო დარბაზში თავი აიფეთქა წარმოშობით ლიბიელმა სალმან აბედიმ. დაიღუპა 22 ადამიანი. ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ.“