მაგნიტოგორსკში აფეთქებული სახლის ნანგრევებიდან კიდევ სამი ადამიანის ცხედარი ამოიტანეს
რუსეთის ქალაქ მაგნიტოგორსკში 16-მდე გაიზარდა საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი. 2 იანვრის დილის მდგომარეობით, ნანგრევებში ნაპოვნი იყო 13 დაღუპულის ცხედარი. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება სულ მცირე 25 ადამიანი. მაგნიტოგორსკის საავადმყოფოში რჩება ხუთი დაშავებული, მეექვსე - 11 თვის ბიჭი კი, რომელიც მაშველებმა ნანგრევებიდან 1 იანვარს ამოიყვანეს, მოსკოვის ქირურგიის და ტრავმატოლოგიის ცენტრში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ჩვილის მდგომარეობა მძიმეა. ჩელიაბინსკის ოლქის ქალაქ მაგნიტოგორსკში, კარლ მარქსის გამზირზე მდებარე ათსართულიანი სახლის ერთ-ერთ სადარბაზოში აფეთქება 31 დეკემბერს მოხდა. ოფიციალური ინფორმაციით, შენობაში ბუნებრივი გაზი აფეთქდა. ტრაგედიის გამო 2 იანვარი ჩელიაბინსკის ოლქში გლოვის დღეა.