ამერიკელმა მესაზღვრეებმა მექსიკიდან მიგრანტების შესაჩერებლად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს
ამერიკელმა მესაზღვრეებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, რათა არ დაეშვათ მექსიკის ტერიტორიიდან საზღვარზე მიგრანტების ჯგუფის გადასვლა. 150-მდე ადამიანი აშშ-ში არალეგალურად გადასვლას ცდილობდა მექსიკის ქალაქ ტიხუანიდან. შეერთებული შტატების სასაზღვრო სამსახურის განცხადებით, ცრემლსადენი გაზი მას შემდეგ გამოიყენეს, რაც მიგრანტებმა ამერიკელ მესაზღვრეებს ქვები დაუშინეს. ამასთან, სააგენტო AP-ის ფოტოკორესპონდენტის ცნობით, მიგრანტებმა ქვების სროლა დაიწყეს ამერიკელი მესაზღვრეების მიერ ძალის გამოყენების შემდეგ. დაკავებულია 25 ადამიანი. მექსიკიდან მიგრანტების შესაჩერებლად ამერიკელმა მესაზღვრეებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს 2018 წლის ნოემბერშიც.
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონგრესისგან ჯერჯერობით უშედეგოდ მოითხოვს 5 მილიარდი დოლარის გამოყოფას მექსიკასთან საზღვარზე კედლის ასაშენებლად. კონგრესთან უთანხმოების გამო აშშ-ის პრეზიდენტმა ახალ ბიუჯეტს ხელი არ მოაწერა, რის შედეგადაც მეორე კვირაა იძულებით, უხელფასო შვებულებაშია სახელმწიფო დაწესებულებების 380 ათასამდე თანამშრომელი, დაახლოებით 420 ათასი კი უხელფასოდ მუშაობს.