მედია: რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ამერიკელი ბევრჯერ არის ნამყოფი ამ ქვეყანაში
აშშ-ის მოქალაქე პოლ უილანი, რომელიც მოსკოვში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, 2007 წლიდან რეგულარულად ჩადიოდა რუსეთში. ამის შესახებ წერს გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ უილანის ნაცნობებისაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
მედიასაშუალებებმა მოიპოვეს ასევე ინფორმაცია, რომ 48 წლის პოლ უილანი მუშაობს კომპანია „ბორგ უორნერში“, რომელიც ავტომანქანის ნაწილებს აწარმოებს. უილანი ხელმძღვანელობს უსაფრთხოების განყოფილებას. მედიასაშუალებებში ვრცელდება ცნობაც, რომ ის ყოფილი საზღვაო ქვეითია, ორჯერ მონაწილეობდა ერაყის სამხედრო კამპანიაში, მაგრამ აშშ-ის შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნილ იქნა ქურდობის გამო.
უილანის ოჯახი უარყოფს დაწვერვასთან მის კავშირს და ამბობს, რომ ის მოსკოვში მეგობრის ქორწილის გამო ჩავიდა.
რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა უილანი 28 დეკემბერს დააკავა. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, მას 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.