ბრაზილიის ახალმა პრეზიდენტმა ფიცი დადო
ბრაზილიის ეროვნულ კონგრესში გაიმართა ქვეყნის ახალი პრეზიდენტის, მკვეთრად მემარჯვენე და ნაციონალისტური იდეებით ცნობილი ჟაირ ბოლსონარუს ინაუგურაციის ცერემონია. ფიცის დადების შემდეგ, ბოლსონარუმ განაცხადა, რომ განამტკიცებს ბრაზილიის დემოკრატიას, ხელს შეუწყობს ეკონომიკის გაძლიერებას ბაზრების გახსნის და სტრუქტურული რეფორმების გზით, გაამარტივებს კანონს იარაღის ტარების შესახებ, განამტკიცებს ძალოვან სტრუქტურებს და დაბლოკავს აბორტის ლეგალიზაციის მცდელობებს. პარლამენტის ყოფილმა წევრმა, არმიის ყოფილმა ოფიცერმა ჟაირ ბოლსონარუმ, რომელსაც ბრაზილიელ დონალდ ტრამპს უწოდებენ კორუფციასთან ბრძოლის პირობაც დადო. ინაუგურაციის შემდეგ ბოლსონარუმ მიმართა პრეზიდენტის სასახლესთან შეკრებილ რამდენიმე ათას მოქალაქეს და განაცხადა, რომ ბრაზილიას გაათავისუფლებს სოციალიზმისა და პოლიტკორექტულობისგან. ბოლსონარუს პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულების დაწყება მიულოცა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ტვიტერზე დაუწერა, რომ აშშ მის გვერდითაა. 63 წლის ჟაირ ბოლსონარუ ბრაზილიის პრეზიდენტად 2018 წლის ოქტომბერში აირჩიეს.