20-ს გადააჭარბა მაგნიტოგორსკში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა
იზრდება რუსეთის ქალაქ მაგნიტოგორსკში 31 დეკემბერს მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი. საგანგებო მდგომარეობათა სამინისტროს მონაცემებით, დაიღუპა 21 ადამიანი და ჯერაც უცნობია 20-ზე მეტის ბედი ინციდენტიდან ორი დღე-ღამის შემდეგ.
აფეთქების შედეგად დაინგრა 10-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი. სამინისტროს მონაცემებით, დაღუპულებს შორის ორი ბავშვია. ექვსი ადამიანი, მათ შორის 11 თვის ბიჭი - ცოცხლები ამოიყვანეს ნანგრევებიდან.
რუსეთის ხელისუფლებამ თავდაპირველად გაზის აფეთქება დაასახელა მომხდარის სავარაუდო მიზეზად. მაგრამ 1 იანვარს ფედერალურმა საგამოძიებო კომიტეტმა გამოაცხადა, რომ განიხილება „ყველა შესაძლო მიზეზი“ და რომ არ აღმოუჩენიათ შენობაში ბომბის აფეთქების ნიშნები.
რუსეთის ორი საინფორმაციო საშუალება ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ნაპოვნია ასაფეთქებელი მოწყობილობების კვალი და რომ აფეთქება, რომელმაც შენობის ნაწილი დაანგრია, შესაძლოა, ტერაქტი ყოფილიყო.