პომპეო: აშშ მოითხოვს საკონსულოს წარმომადგენლის შეხვედრას რუსეთში დაკავებულ ამერიკელთან
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აცხადებს, რომ მისი ქვეყანა მოითხოვს საკონსულოს წარმომადგენლის შეხვედრას რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ამერიკელთან, პოლ უილანთან, და მზადაა მოითხოვოს უილანის დაუყოვნებლივ გათავისუფლება, თუ მისი დაკავება გაუმართლებელი იყო.
პომპეომ ბრაზილიაში ჟურნალისტებთან საუბრისას გამოთქვა იმედი, რომ საკონსულოს წარმომამდგენლები რამდენიმე საათში შეძლებენ უილანთან შეხვედრას და მეტი ინფორმაციის მიღებას.
რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა 31 დეკემბერს გამოაცხადა, რომ ჯაშუშობის აქტის ჩადენისას დააკავა შეერთებული შტატების მოქალაქე. პოლ უილანის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია, რომ იყო საზღვაო ქვეითი და ახლა მუშაობს კომპანია „ბორგ უორნერში“ გლობალური უსაფრთხოების განყოფილების დირექტორად.
განცხადებაში, რომელიც რადიო თავისუფლებამ 1 იანვარს მოიპოვა, უილანის ოჯახი უარყოფს ჯაშუშობის ბრალდებას და აღნიშნავს, რომ ის მოსკოვში მეგობრის ქორწილის გამო ჩავიდა.
რუსეთი არ ამხელს ჯაშუშობაში ბრალდების დეტალებს.