აშშ რუსეთისაგან მოითხოვს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ამერიკელის გათავისუფლებას
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ რუსეთისაგან მოითხოვა მოსკოვში დაკავებული ამერიკელის, პოლ ვილანის დაუყოვნებლივ გათავისუფლება. ამის შესახებ იუწყება საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“. პომპეოს თქმით, ვაშინგტონს ასევე სურს იცოდეს აშშ-ის მოქალაქის დაკავების მიზეზი.
48 წლის უილანი 28 დეკემბერს დააკავეს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა. მას ჯაშუშობაში ეჭვმიტანილად მოიხსენიებენ. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, უილანს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება. საქმის დეტალები უცნობია.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოთხშაბათს გამოაცხადა, რომ უილანთან შეუშვეს ამერიკის საკონსულოს წარმომადგენლები.
პოლ უილანის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია, რომ იყო საზღვაო ქვეითი და მუშაობს კომპანია „ბორგ უორნერში“ გლობალური უსაფრთხოების განყოფილების დირექტორად.
განცხადებაში, რომელიც რადიო თავისუფლებამ 1 იანვარს მოიპოვა, უილანის ოჯახი უარყოფს ჯაშუშობის ბრალდებას და აღნიშნავს, რომ ის მოსკოვში მეგობრის ქორწილის გამო ჩავიდა.