თურქმენეთის სახელმწიფო დაწესებულებებში გამოცვალეს პრეზიდენტის პორტრეტები
თურქმენეთის სახელმწიფო დაწესებულებებში, მათ შორის სკოლებში, გამოცვალეს ქვეყნის პრეზიდენტის, გურბანგული ბერდიმუხამედოვის პორტრეტები. რადიო თავისუფლების თურქმენული სამსახურის ცნობით, შავთმიანი პრეზიდენტის პორტრეტები შეცვალა ჭაღარაშერეული პრეზიდენტის გამოსახულებებმა.
თურქმენული სამსახურის კორესპონდენტის ცნობით, სკოლებში პორტრეტები გასული კვირის ბოლოს გამოცვალეს.
„გასული სეზონის“ პორტრეტები გაიაფებული იყიდება. ცნობების თანახმად, ჭაღარაშერეული პრეზიდენტის სურათი 5 მანათი ღირს (1,4 ამერიკული დოლარი), ხოლო შავთმიანისა - 4 მანათი.
ბერდიმუხამედოვი შარშან აგვისტოში პირველად გამოჩნდა ჭაღარით მას შემდეგ, რაც 2006 წელს პრეზიდენტი გახდა.