კრემლი: მიღწეულია ურთიერთგაგება მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოსთან
კრემლი აცხადებს, რომ რუსეთმა და მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA) მიაღწიეს ურთიერთგაგებას მოსკოვის ყოფილი ანტისადოპინგო ლაბორატორიის მონაცემების გადაცემის თაობაზე.
WADA-ს დელეგაცია 9 იანვარს ჩავიდა მოსკოვში ლაბორატორიის მონაცემების მისაღებად. მოსკოვის ლაბორატორიის მონაცემები ორგანიზაციას შეიძლება დაეხმაროს რუსეთის რიგი ათლეტების წინააღმდეგ დოპინგთან დაკავშირებული საქმის აღძვრაში.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა 9 იანვარს განაცხადა: „რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი ჩვენი სპორტის წარმომადგენლების გზით, წარმოებს ინტენსიური კონტაქტები და ახლა WADA-ს წარმომადგენლებთან მიღწეულია ურთიერთგაგება იმაზე, თუ როგორ გაგრძელდება მუშაობა.“
რუსეთმა გადააცილა მონაცემების გადაცემის ვადას, რომელიც 31 დეკემბერს ამოიწურა. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს (RUSADA) შესაძლოა სანქციები დაუწესდეს WADA-ს მხრიდან. ვადის გადაცილებას ასევე მოჰყვა მოწოდებები, რომ რუსეთი არ იქნეს დაშვებული გლობალურ საერთაშორისო შეჯიბრებებზე.