გიორგი ონიანი: დემოკრატიის ინდექსის ვარდნა გავლენას იქონიებს საინვესტიციო მიმზიდველობაზე
„ძალიან სამწუხაროა „ეკონომისტის“ დემოკრატიის ინდექსში საქართველოს მონაცემების შემცირება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის ადეკვატური შედეგი“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას გიორგი ონიანი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე.
ჟურნალ „ეკონომისტის“ გამოკვლევის თანახმად, 2017 წელთან შედარებით, რეგიონში საქართველოს დემოკრატიის ინდექსი 5.93-დან 5.50-მდე დაეცა. გამოკვლევის ავტორები დემოკრატიის ინდექსის ვარდნის რამდენიმე სავარაუდო მიზეზზე წერენ. მათ შორისაა, გასული წლის მაისში, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება მმართველი პარტიის თავმჯდომარედ. გარდა ამისა, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილება ვალების ჩამოწერის შესახებ.
გიორგი ონიანის თქმით, ჟურნალ „ეკონომისტის“ გამოკვლევაში მითითებულია სწორედ ის ფაქტები, რომლებზეც ადგილობრივი თუ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად ლაპარაკობენ: „ეს არის უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოს მიტაცების ნიშნები და მაღალი დონის კორუფციის ნიშნები. ხაზგასმულია ბატონი ივანიშვილის როლი, რომელიც კულისებიდან და არაფორმალური სივრციდან მთავრობაზე კონტროლს ინარჩუნებს, იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს პოლიტიკასთან მიმართებით. ასევე ხაზგასმით არის აღნიშნული არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობა და კერძოდ, 600 ათასი ადამიანისთვის სესხის განულების ფაქტი. ეს ყველაფერი არის ძალიან სამწუხარო და იმედია გარკვეულ დასკვნებს გააკეთებს მმართველი გუნდი, რადგან ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, ქვეყნის იმიჯს მიადგება და უკვე ადგება ძალიან დიდი ზიანი და ეს აუცილებლად იქონიებს გავლენას ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობაზე. ამ შედეგს გავლენა ექნება მრავალმხრივი, „ეკონომისტი“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ავტორიტეტული გამოცემაა. ის, ვინც „ეკონომისტისგან“ იღებს ინფორმაციას, მასზეც იქონიებს გავლენას, ეს და მსგავსი რეიტინგები სხვა საერთაშორისო რეიტინგების საფუძველიც ხდება ხოლმე და დომინოს პრინციპით აუცილებლად აისახება სხვა საერთაშორისო რეიტინგებზეც“.