ბი-ბი-სი იტყობინება გასული წლის ნოემბერში სირიაში რუსეთის სამხედრო კონტრაქტორის დაღუპვის შესახებ
სირიაში 2018 წლის 2 ნოემბერს დაიღუპა 28 წლის სამხედრო კონტრაქტორი რუსეთიდან, ანდრანიკ არუსტამიანი. როგორც ბი-ბი-სი იტყობინება, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამის თაობაზე არ გაუკეთებია ოფიციალური განცხადება.
სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების საბუთიდან, რომელიც მისმა ოჯახმა მიიღო, ირკვევა, რომ ის დაიღუპა დანაღმული შლაგბაუმის შემთხვევით აფეთქების შედეგად რუსეთის ალ-შულის სამხედრო ბაზაზე.
ბი-ბი-სი აღნიშნავს, რომ აფეთქების შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა უცნობია.
5 ნოემბერს „ნოვაია გაზეტა“ იტყობინებოდა 11 ადამიანის დაღუპვის შესახებ სირიის სისხლის სამართლის პოლიციის შენობაში აფეთქების შედეგად. გამოცემის წყარო აცხადებდა, რომ დაღუპულთა შორის იყვნენ დაქირავებული მეომრები კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერიდან“. ხელისუფლებას პუბლიკაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
ახალი ამბების ფედერალურმა სააგენტომ თავის დროზე განაცხადა, რომ მისი თანამშრომლები იმყოფებოდნენ აფეთქების ადგილზე, რომელიც 4 ნოემბერს მოხდა დასახლებულ პუნქტ ალ-შულაში. მედიაორგანიზაცია, რომელსაც ისევე, როგორც „ვაგნერს“, ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინს უკავშირებენ, ირწმუნება, რომ იმ ადგილზე თითქოს აფეთქებდნენ ხელში ჩაგდებულ საბრძოლო მასალას, რომელიც ისლამისტებს ეკუთვნოდათ, და რომ რუსეთის არცერთი სამხედრო მოსამსახურე არ დაღუპულა.