აშშ-ის მთავრობის „შათდაუნმა“ 12 იანვარს რეკორდულ ხანგრძლივობას მიაღწია
12 იანვრიდან აშშ-ს ფედერალური მთავრობის მუშაობის დროებითი შეჩერება, ე.წ. „შათდაუნი“ აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი “შათდაუნი” გახდა. ის უკვე 22-ე დღეა გრძელდება. აქამდე, ყველაზე ხანგრძლივი „შათდაუნი“ 1995 წელს დაფიქსირდა და მან 21 დღეს გასტანა.
22-ე დღეა აშშ-ის ბიუროკრატიის ნაწილს მუშაობა შეჩერებული აქვს. მთავრობის მუშაობის სრულად აღდგენას ხელს უშლის აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მთავარი წინასაარჩევნო დაპირება: აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის აშენება. ტრამპი მუდმივად ამტკიცებდა, რომ კედლის ფულს მექსიკა გადაიხდიდა, თუმცა ახლა ის აშშ-ის ბიუჯეტიდან მოითხოვს 5,7 მილიარდ დოლარს. დემოკრატებს კი მიაჩნიათ, რომ კედელი ძვირი და არაეფექტიანია. “შათდაუნი” დროს აშშ-ის ფედერალური სააგენტოები ვალდებული არიან, შეწყვიტონ ყოველგვარი მომსახურება. მუშაობას აგრძელებს მთავრობის მხოლოდ ის ნაწილი, რომლის ფუნქციონირება აუცილებელია. მაგალითად, აეროპორტის უსაფრთხოება და სამართალდამცავი ორგანოები. ამ პერიოდში მომუშავე მოხელეები ანაზღაურებას არ იღებენ. მთავრობის ნაწილობრივი "შათდაუნის" გამო, ვაშინგტონში ეროვნული არქივის შენობა არ მუშაობს. “შათდაუნი” გაგრძელდება, სანამ კონგრესი ბიუჯეტის ახალ დოკუმენტს მიიღებს და პრეზიდენტი ხელის მოწერით კანონად აქცევს.
11 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მექსიკის საზღვარს ეწვია. ის ტეხასის შტატში რიო გრანდეს სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მივიდა. ტრამპს თან ახლდნენ მესაზღვრეები. ამერიკის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი კედლის მშენებლობის აუცილებლობას და განაცხადა, რომ თუ კონგრესი არ დაეთანხმება მის ინიციატივას და არ დააფინანსებს კედლის მშენებლობას, საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს.