გიგა მაქარაშვილი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი პროკურატურამ 15 იანვარს დაზარალებულად ცნო. 2018 წლის ოქტომბერში, გორის მერიასთან საპროტესტო აქციაზე თემურ მანველიშვილმა სამოქალაქო აქტივისტს, გიგა მაქარაშვილს თავზე ნაგვით სავსე ურნა დაამხო. გიგა მაქარაშვილმა თემურ მანველიშვილს პროკურატურაში უჩივლა: „არის!!! დამირეკეს პროკურატურიდან! დაზარალებულად მცნეს! ახლა საია ამ საქმეს მარტივად მიიყვანს ბოლომდე! ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!!!“ - წერს გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში.
აღნიშნული ინცინდენტი მოჰყვა გიგა მაქარაშვილის აქციას, სადაც ის აპროტესტებდა გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ აგვისტოს ომის დროს ცხინვალი გორიდან დაიბომბა. აქციის დროს გიგა მაქარაშვილმა გორის მერიის შენობასთან ფუნა და ხორბალი დაყარა. აქციის დასრულების შემდეგ გიგა მაქარაშვილი ტერიტორიას ასუფთავებდა. სწორედ ამ დროს დაამხო თავზე მანველიშვილმა სამოქალაქო აქტივისტს ნაგვით სავსე ურნა. სამართალდამცავებმა მაშინ გამოძიება ცემის მუხლით დაიწყეს, თუმცა, უფლებადამცველები მოითხოვდნენ საქმის წარმოებას არაადამიანური მოპყრობის მუხლით. გორის მერიაში დაწყებული დისციპლინური წარმოების შედეგად, მერმა თემურ მანველიშვილს საყვედური გამოუცხადა.