მეტროპოლიტენის მეორე ხაზზე მოძრაობა აღდგენილია
მეტროპოლიტენის მეორე ხაზზე მოძრაობა აღდგენილია. მატარებლების მოძრაობის შეწყვეტა ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია. როგორც რადიო თავისუფლებას განუცხადეს სატრანსპორტო სამსახურის პრესცენტრში, ერთ-ერთ მატარებელს ტექნიკური ხარვეზი შეექმნა, რის გამოც მოძრაობა 10 წუთით შეფერხდა. პრესსამსახურში არ აკონკრეტებენ, თუ რა სახის ხარვეზზეა ლაპარაკი: „მას შემდეგ, რაც მეტროს სადგურ „ტექნიკურ უნივერსიტეტზე“ მატარებელი დაიცალა მგზავრებისგან, ის გადავიყვანეთ სპეციალურ ჩიხში“.
თბილისის მეტროს მეორე ხაზზე მგზავრებს რამდენიმე წუთის განმავლობაში სადგურზე ჩასვლის საშუალებას არ აძლევდნენ, სადგურიდან ამოსული მგზავრები კი ამბობდნენ, რომ მატარებლები არ მოძრაობენ. ამ დროისთვის მეტროპოლიტენის მეორე ხაზზე მოძრაობა აღდგა.