კანადის პრემიერ-მინისტრი ჩინეთს აკრიტიკებს სასიკვდილო განაჩენის „თვითნებურად“ გამოტანისთვის
კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ ჩინეთი დაადანაშაულა სასიკვდილო განაჩენების „თვითნებურად“ გამოტანაში. მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ ჩინეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, განაჩენი შეუცვალეს ნარკოტიკებით ვაჭრობისათვის გასამართლებულ კანადელს, 36 წლის რობერტ შელენბერგს: ადრე მისჯილი პატიმრობის ნაცვლად მას სიკვდილით დასჯა შეუფარდეს.
კანადელის ოჯახმა „არაადამიანური“ უწოდა განაჩენს. „უკიდურეს შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ჩინეთმა გადაწყვიტა თვითნებურად გამოიტანოს სასიკვდილო განაჩენები“, განაცხადა ტრუდომ 14 იანვარს ოტავაში.
გასული წლის ნოემბერში ქალაქ დალიანის სასამართლომ 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა კანადის მოქალაქეს. 14 იანვარს კი სასამართლომ გამოაცხადა, რომ „მეტისტმეტად ლმობიერად“ მიაჩნია წინა გადაწყვეტილება და სასიკვდილო განაჩენით ცვლის. შელენბერგს 10 დღე აქვს გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად.
პეკინსა და ოტავას შორის დაძაბულობაა გასული წლის დეკემბრის დასაწყისიდან, როცა კანადაში დააკავეს კომპანია „ჰუავეის“ ფინანსური დირექტორი მეგ უანჟუ.