შსს: ვერაზე მომხდარი ინცინდენტისას ორი პირია დაჭრილი
შსს რადიო თავისუფლებას უდასტურებს, რომ ვერაზე, ტატიშვილის ქუჩაზე მომხდარი ინცინდენტისას დაჭრილია ორი პირი. თუ რა სახის დაზიანებები აქვთ მათ მიყენებული და ვინ არიან ისინი, ამ ინფორმაციას შსს ამ ეტაპზე არ ავრცელებს. როგორც უწყების პრესსამსახურში განუცხადეს რადიო თავისუფლებას, ოფიციალურ განცხადებას უწყება მას შემდეგ გამოაქვეყნებს, რაც მეტი დეტალი გახდება მათთვის ცნობილი. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
15 იანვარს, 16 საათსა და 27 წუთზე, მძღოლის გარეშე მოძრავი მსუბუქი ავტომობილი დაგორდა ვერაზე, ერეკლე ტატიშვილის ქუჩაზე. ავტომობილმა გადაჭრა მელიქიშვილის გამზირი და მოპირდაპირე მხარეს მდგარ მანქანას შეეჯახა. ავტომობილს საბარგულსა და უკანა მინაზე ნატყვიარები აღენიშნება.