ევროკავშირი ბრიტანეთს მოუწოდებს განმარტოს შემდეგი ნაბიჯები
ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის პრესმდივანი სინანულით გამოეხმაურა ბრიტანელი კანონმდებლების მიერ პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის "ბრექსიტის" გეგმის უარყოფას:
"სინანულით ვხვდებით კენჭისყრის შედეგს და ბრიტანეთის მთავრობას მოვუწოდებთ რაც შეიძლება სწრაფად განმარტოს რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს ახლა. ევროკავშირი-27 დარჩება ერთიანი და პასუხისმგებლობის განცდით, ისე, როგორც მთელი ამ პროცესის განმავლობაში ვიყავით და ვეცდებით შევამციროთ ბრექსიტით გამოწვეული ზიანი. გავაგრძელებთ მზადებას ყველა შედეგისთვის, მათ შორის [ევროკავშირიდან ბრიტანეთის] შეთანხმების გარეშე გასვლის სცენარისთვის. ამ კენჭისყრით გაიზარდა უწესრიგო გასვლის საფრთხე, ჩვენ, ცხადია არ გვსურს ეს მოხდეს, მაგრამ ამისათვისაც მზად ვიქნებით" - ამბობს ტუსკის პრესმდივანი და დასძენს, რომ ევროკავშირი გააგრძელებს ბრიტანეთის მთავრობასთან მიღწეული შეთანხმების რატიფიცირებას, რადგან "ეს შეთანხმება არის და რჩება ერთადერთ გზად, რომელიც ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის წესრიგიანობას უზრუნველყოფს".
ბრიტანელმა კანონმდებლებმა დიდი უმრავლესობით, 432 ხმით 202-ის წინააღმდეგ უარყვეს პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის გეგმა "ბრექსიტის", ანუ ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის პირობების შესახებ, რომელზეც ბრიტანეთის მთავრობამ და ევროკავშირმა ნოემბერში მოილაპარაკეს.
კენჭისყრა გაიმართა 10 კვირით ადრე, სანამ ბრიტანეთის ბლოკიდან გასვლის პროცესი უნდა განხორციელდეს. მეის გეგმა უარყვეს როგორც ევროკავშირის, ისე ბრექსიტის მხარდამჭერმა პარლამენტარებმა. ამ გეგმის რატიფიცირების გარეშე, ბრიტანეთი ევროკავშირს შეთანხმების გარეშე დატოვებს 29 მარტს.
ექსპერტები გამოდიან გაფრთხილებით, რომ გარკვეული შეთანხმების გარეშე ბრიტანეთის ეკონომიკას ქაოსი ემუქრება.