დაცვის მხარე "ყაზტრანსგაზის" ორი თანამშრომლის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვს
დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულთა ადვოკატი „ყაზტრანსგაზ - თბილისის“ ორი თანამშრომლის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვს. მათ ბრალი სამსახურეობრივ გულგრილობაში ედებათ, რაც 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთანს ითვალისწინებს. სასამართლო პროცესი 20 იანვარს 12:00 საათზე დაიწყო.
დაკავებულების ადვოკატი თამარ ჯაფარიძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები თავს დამნაშავედ არ ცნობენ. "როდესაც მივიდნენ, ადგილზე სუნი არ იგრძნობოდა. შემოწმების შემდეგ აპარატმა 0 პროცენტი აჩვენა. ამის შემდეგ იგივე აპარატით სხვა ადგილზე შეამოწმეს და იქ გაჟონვის კვალი დადგინდა. ეს ნიშნავს, რომ აპარატი მწყობრიდან გამოსული არ იყო", განაცხადა ადვოკატმა პროცესის დაწყების წინ.
16 იანვარის საღამოს, დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანია გარდაცვლილი, აქედან ერთი მცირეწლოვანია. დაშავდა 8 ადამიანი, მათ შორის ბავშვები.