ავტოკონცერნ რენოს საპატიმროში მყოფმა ხელმძღვანელმა გადადგომა ითხოვა
![ავტოკონცერნ რენოს საპატიმროში მყოფმა ხელმძღვანელმა გადადგომა ითხოვა](https://gdb.rferl.org/098FA3A1-5B31-47F6-B61B-31B5D7EF847E_w800_h450.jpg)
საფრანგეთის ავტოკონცერნ რენოს ხელმძღვანელმა, კარლოს გონმა გადადგომა ითხოვა. ამის თაობაზე Bloomberg TV-ის ეთერით დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა საფრანგეთის ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრმა, ბრიუნო ლე მერმა. მინისტრმა დააზუსტა, რომ ახლა გონის თხოვნა უნდა დააკმაყოფილოს კორპორაციის დირექტორთა საბჭომ. სხდომა იმართება ხუთშაბათს, რენოს შტაბ-ბინაში საფრანგეთში. ადრე კომპანიის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გონი დაითხოვეს კომპანიებმა ნისანმა და მიცუბიშიმ, რომლებიც რენოსთან ალიანსში არიან. გონი შარშან ნოებერში დააპატიმრეს ფინანსური მაქინაციების ბრალდებით. ის წინასწარ პატიმრობაში იმყოფება იაპონიაში. გონი ბრალდებებს უარყოფს. დაპატიმრებას ის უსამართლოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ არასოდეს დაუმალავს შემოსავალი იაპონიის ხელისუფლებისთვის. დანაშაული თუ დაუმტკიცდა, გონს 20-წლიანი პატიმრობა ემუქრება. კარლოს გონი რენოში მმართველ თანამდებობებზე იყო1996 წლიდან. 2000-იანი წლების დასაწყისში, როცა კომპანიამ ნისანი შეისყიდა, გონი გახდა საერთაშორისო კონცერნ რენო-ნისან-მიცუბიშის ხელმძღვანელი. 2013-2016 წლებში ის რუსეთის კონცერნ ავტოვაზს ხელმძღვანელობდა.