„ამ ეტაპზე ჰააგის სასამართლოს არ აქვს ქართული პენიტენციური სისტემის გამოყენების საჭიროება“
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ეხმაურება ჰააგაში შეთანხმების ხელმოწერას და ავრცელებს განცხადებას:
„დღეს ხელმოწერილი შეთანხმება დაფუძნებულია ე. წ. ორმაგი თანხმობის სისტემაზე: პირველ ეტაპზე სახელმწიფო აცხადებს ზოგად თანხმობას, ჩაერთოს ჰააგის სასამართლოს მიერ პირთათვის მისჯილი სასჯელების აღსრულების სისტემაში შეთანხმების დადებით, მეორე ეტაპზე კი, სახელმწიფოს რჩება უფლება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვროს სასამართლოს მიერ სასჯელშეფარდებული პირის სასჯელის აღსრულების მიზნით საკუთარ ტერიტორიაზე მიღების მიზანშეწონილობის საკითხი თანხმობის ან უარის განცხადების გზით“.
იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, 24 იანვარს ხელმოწერილი შეთანხმების გაფორმება „ჰააგის სასამართლომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ჰააგაში ვიზიტისას 2015 წელს ითხოვა“.
სამინისტრო აგრეთვე განმარტავს:
„დღეისათვის ჰააგის სასამართლო იხილავს შესაძლო დანაშაულებს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, უგანდაში, სუდანში, კოტ დივუარსა და ცენტრალურ აფრიკაში. პატიმრობაში მყოფი მსჯავრდებულების რაოდენობის სიმცირის გამო, ამ ეტაპზე ჰააგის სასამართლოს არ აქვს სასჯელის აღსრულებისათვის ქართული პენიტენციური სისტემის გამოყენების საჭიროება. ვითარების შეცვლის შემთხვევაში, საქართველოს პენიტენციურ სისტემას უკვე შეეძლება, დახმარება გაუწიოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს და სასჯელშეფარდებული პირები საკუთარ ტერიტორიაზე მიიღოს“.