გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის დედის ადვოკატი: დედას ორდერის პირობები არ დაურღვევია
გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის დედის ადვოკატი ნინო ტაბატაძე ეჭვქვეშ აყენებს ლელა ქსოვრელის მიმართ გამოწერილი ორდერის კანონიერებას და აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ორდეპის პირობები არ დაურღვევია.
„ორდერი არ დაურღვევია, ვინაიდან მასში ცალსახად წერია, რომ ბრალდებული არ უნდა მიახლოებოდა დაზარალებულის საცხოვრებელ ადგილს, არ უნდა ეცადა მასთან კომუნიკაცია. თუმცა, დაზარალებული განრიდებული უნდა ყოფილიყო მოძალადისგან, რაც არ განხორციელებულა. ის სამართალდამცავებს, სოციალურ სამსახურს უნდა გაეყვანა. იმ შემთხვევაში, თუკი, განრიდება მოხდებოდა და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მიუახლოვდებოდა განრიდებულ ბავშვს, მაშინ იქნებოდა ორდერის პირობების დარღვევა. არც ერთი წინადადება ორდერში, რომ ქალბატონი უნდა წასულიყო, არ არის", - აცხადებსადვოკატი ნინო ტაბატაძე.
ადვოკატი საქმეში სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სამართალდამცავთა პასუხუხისმგებლობას ხედავს და მათ ბრალეულობას არ გამორიცხავს.
„ცალსახაა, რომ გამოძიებამ, სამართალდამცავმა ორგანომ და სოციალურმა სამსახურმა სათანადო ყურადღება არ გამოიჩინეს. ორდერის გამოწერაზე კითხვის ნიშნები არსებობს“, -ამბობს ადვოკატი.
ნინო ტაბატაძე მოსამართლის გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადებში გაასაჩივრებს. მისი რქმენით მოსამართლემ სამართლიანი გადაწყვეტილება ვერ მიიღო საქმესთან დაკავშირებული აჟიოტაჟისა და ხმაურის გამო.
ლელა ქსოვრელს აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. სანზონაში 4 წლის ბავშვი 22 იანვარს გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი გოგონას დედა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის დააკავეს, მას არასრულწლოვანთან კონტაქტი ეკრძალებოდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლითაც მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცოსხლის მოსპობას გულისხმობს.