აუდიტი: ქართული ჭიდაობის ტურნირებზე სატრანსპორტო მომსახურების ფული თითქმის მთლიანად ფედერაციის პრეზიდენტის შვილზე გაიცა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2016-2017 წლებში მუნიციპალიტეტებში ჩატარებული ქართული ჭიდაობის შეჯიბრებებსა და ტურნირებზე სატრანსპორტო მომსახურებისთვის დახარჯული 32 338 ლარიდან უდიდესი ნაწილი - 28 987 ლარი ფედერაციის პრეზიდენტის შვილზე გაიცა. აუდიტის დასკვნაში ნათქვამია - გაურკვეველია რა მეთოდებით, რა მონაცემების გათვალისწინებით და რა პარამეტრებზე დაყრდნობით ხდებოდა რეგიონების მიხედვით სატრანსპორტო მომსახურების თანხების დადგენაო. აუდიტი ასევე წერს, რომ მათ ვერ წარმოუდგინეს სატრანსპორტო მომსახურების ტარიფების დადგენისა და გაანგარიშების დოკუმენტები. შესაბამისად, გაურკვეველია რა მეთოდებით, რა მონაცემების გათვალისწინებით და რა პარამეტრებზე დაყრდნობით ხდებოდა რეგიონების მიხედვით სატრანსპორტო მომსახურების თანხების დადგენა. აუდიტის ცნობით ასევე აღსანიშნავია, რომ 2017 წლის დეკემბერში, ქართულ ჭიდაობაში ჩასატარებელი ღონისძიების ფარგლებში, საჭიდაო ლეიბების ტრანსპორტირების ხარჯმა ჭავჭავაძის გამზირიდან ამერიკის საელჩომდე და უკან 1500 ლარი შეადგინა. აუდიტის სამსახური აცხადებს, რომ ამ მომსახურებაზე შედგენილ ხელშეკრულებასა და მიღება-ჩაბარების აქტში შესასრულებული რეისების რაოდენობა და გადაზიდული ტვირთის მოცულობები მითითებული არ არის.