ნიკოლას მადურომ არ უპასუხა შეკითხვას, იცავენ თუ არა მას რუსი დაქირავებული მებრძოლები
ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ, რომელსაც კანონიერ ლიდერად აღარ აღიარებს 10-ზე მეტი ქვეყანა, არ უპასუხა შეკითხვას, იცავენ თუ არა მას რუსი დაქირავებული მებრძოლები. მანამდე საინფორმაციო სააგენტო „როიტერსმა“ გაავრცელა ცნობა, რომ პოლიტიკოსის უსაფრთხოებაზე შესაძლოა, ზრუნავდნენ რუსეთის კერძო სამხედრო კომპანიის მებრძოლები.
საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ კორესპონდენტს შეკითხვას, მონაწილეობენ თუ არა რუსი დაქირავებული მეომრები მისი უსაფრთხოების დაცვაში, ოთხჯერ მოჰყვა მადუროსაგან რეაქცია, რომ არ გააკეთებს კომენტარს ამ ინფორმაციაზე.
„როიტერსმა“ 25 იანვარს გაავრცელა ცნობა რუსეთის კერძო სამხედრო კომპანიის თანამშრომლების კარაკასში გაგზავნის შესახებ. საინფორმაციო სააგენტოს მონაცემებით, საქმე ეხება კრემლთან დაკავშირებული „ვაგნერის“ მეომრებს. ამ კერძო სამხედრო კომპანიის წევრები სირიისა და უკრაინის კონფლიქტებშიც მონაწილეობდნენ. „როიტერსი“ იუწყება ასევე, რომ მადუროს უსაფრთხოებაზე შესაძლოა 400 დაქირავებული მცველი ზრუნავდეს.
ორი დღის მერე კრემლის პრესმდივანი, დმიტრი პესკოვი გამოეხმაურა მადუროს დასაცავად 400-მდე ადამიანის გაგზავნაზე ცნობას სიტყვებით: შიშს დიდი თვალები აქვსო.
2014 წლიდან ვენესუელაში, საკონსტიტუციო და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ხშირად იმართება პრეზიდენტის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციები. შარშან აგვისტოში ვენესუელის ხელისუფლებამ გაავრცელა ცნობა კარაკასში სამხედრო ალუმის დროს მადუროზე თავდასხმის აღკვეთის შესახებ. იანვარში იუწყებოდნენ სამხედრო გადატრიალების მცდელობის თავიდან აცილებაზე.
ვენესუელის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ხუან გუაიდომ 23 იანვარს თავი გამოაცხადა ქვეყნის გარდამავალ პრეზიდენტად. ის მალევე ცნო 10-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა და საქართველომ. გუაიდო მოითხოვს ვადამდელი არჩევნების გამართვას.