HRIDC და ზაზა სარალიძე მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვენ
"ადამიანის უფლებათა ცენტრი" (HRIDC) მოითხოვს საქართველოს მთავარ პროკურორთან შეხვედრას, რათა ზაზა სარალიძესა და მისი უფლებების დამცველ ადვოკატს მიეცეთ შესაძლებლობა, პირადად ესაუბრონ მთავარ პროკურორს ზაზა სარალიძის წინააღმდეგ აღძრული საქმის გარშემო არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით.
1 თებერვალს "ადამიანის უფლებათა ცენტრი" და ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა, ზაზა სარალიძე ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. პრესკონფერენცია ეხება როგორც უშუალოდ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების საქმის სასამართლოში მიმდინარეობას, ასევე რამდენიმე სხვა საქმეს, რომლებიც დაკავშირებულია ზაზა სარალიძესთან და მის სამოქალაქო პროტესტთან.
ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: ""ადამიანის უფლებათა ცენტრის" ოფიციალური მიმართვის მიუხედავად, საქართველოს პროკურატურას დღემდე არ შეუსწავლია შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან შვილმოკლული მამების აქციის მონაწილეთათვის დროებითი კონსტრუქციის (კარვის) გაშლის ხელშეშლის ფაქტი, რაც საქართველოს კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის უხეშ დარღვევას და სახელმწიფოს მხრიდან მშვიდობიანი შეკრების უფლებაში გაუმართლებელ ჩარევას წარმოადგენს".
უფლებადამცველი ორგანიზაცია აგრეთვე აღნიშნავს: "3 იანვარს შვილმოკლული მამების მიმართ გაუმართლებელ ზეწოლას ჰქონდა ადგილი, როცა ყოველგვარი სამართლებრივი დოკუმენტის გადაცემის გარეშე განუმარტეს, რომ მალე, კერძოდ - 7 დღეში, სასამართლოს წინაშე წარდგომა მოუწევდათ და მათ დაიჭერდნენ. მუქარა ეხება ზაზა სარალიძის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც ნათელი მაგალითია, თუ როგორ აქცია სახელმწიფომ დაზარალებული ბრალდებულად. მიუხედავად ბრალდებულის სტატუსისა, ზაზა სარალიძე მთელი საზოგადოებისათვის ამ სასამართლო პროცესზეც დაზარალებულია".
"ადამიანის უფლებათა ცენტრის" შეფასებით, "გაუმართლებელია, როდესაც ეს საქმე ცალმხრივად არის გამოძიებული და არაფერი კეთდება შინაგან სამინისტროს იმ წარმომადგენელთა პასუხისგებაში მისაცემად, რომლებმაც ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლისა და დოკუმენტაცის გარეშე ჩამოართვეს და გაიტაცეს კარვები".