კურტ უოლკერი: აშშ და ევროკავშირი რუსეთს სანქციებს დაუწესებენ, თუ მოსკოვი არ გაათავისუფლებს უკრაინელ მეზღვაურებს
აშშ და ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალი ზომების მიღებას აპირებენ, თუ მოსკოვი არ გაათავისუფლებს უკრაინელ მეზღვაურებს, რომლებიც ანექსირებული ყირიმის სანაპიროსთან დააკავეს რუსმა მესაზღვრეებმა. ამის თაობაზე უკრაინაში აშშ-ის საგანგებო წარგზავნილმა, კურტ ოულკერმა განაცხადა.
მისი თქმით, ჯერ შეთანხმებული არაა, რა სანქციები შეიძლება დაწესდეს. უოლკერმა პრესბრიფინგზე განაცხადა ასევე, რომ ევროპის კავშირის საგარეო საქმეა მინისტრები თებერვალში იმსჯელებენ ამაზე მათი შეხვედრისას.
უოლკერის ცნობით, ვაშინგტონი მხარს უჭერს გერმანიის და საფრანგეთის იდეას, ქერჩის ყურეში საერთაშორისო მეთვალყურეების გაგზავნის შესახებ, რათა ვითარებას გაუწიონ მეთვალყურეობა. რუსეთმა გამოაცხადა, რომ გამორიცხავს რეგიონში ხანგძლივი ვადით საერთაშორისო მეთვალყურეების ყოფნას.
მოსკოვში ევროკავშირის წარმომადგენელმა, მარკუს ედერერმა კრემლისგან უკრაინელი მეზღვაურების დაუყოვნებლივ განთავისუფლება მოითხოვა.
საპასუხოდ რუსეთის წარმომადგენელმა ევროკავშირში გამოაქვეყნა კომუნიკე, სადაც წერია, რომ ევროკავშირმა პრინციპული მიდგომა უნდა გამოიჩინოს უკრაინაში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის, ასე ნეონაციზმის და ანტისემიტიზმის გამოვლენის მიმართ.
25 ნოემბერს რუსეთის სასაზღვრო დაცვამ უკრაინის გემები და მეზღვაურები დააკავა ყირიმის სანაპიროსთან. მათ მოსკოვი საზღვრის უკანონო დარღვევაში სდებს ბრალს. კიევი მეზღვაურებს სამხედრო ტყვეებად მიიჩნევს.