„დინამო თბილისმა“ განცხადება გაავრცელა
საფეხბურთო კლუბი „დინამო თბილისი“ უეფას მიერ დაკისრებული სანქციის გასაჩივრებას აპირებს. ამის შესახებ კლუბმა განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„დინამო თბილისი“ ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ გულშემატკივართა არასპორტული საქციელის გამო გუშინ დასაჯა - გუნდი 15 აგვისტოს, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე, როტერდამის „ფეიენოორდს“ საპასუხო შეხვედრაში ცარიელი ტრიბუნებით დაუხვდება.
ერთი ვერსიით, „დინამო თბილისის“ გულშემატკივრებმა ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, აზერბაიჯანში „გაბალასთან“ მატჩისას, ტრიბუნებზე ფაშისტური შინაარსის ბანერი გამოფინეს. მეორე ვერსიის თანახმად კი, „დინამო თბილისი“ ქომაგთა რასისტული შეძახილების გამო ისჯება.
„გაცნობებთ, რომ „დინამო თბილისმა“ უეფადან მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც „ფეიენოორდთან“ თბილისში საპასუხო შეხვედრის გულშემატკივრების გარეშე ჩატარებას გულისხმობს. დინამოს გასაჩივრებისთვის აქვს 5 დღე და, რა თქმა უნდა, გუნდი გაასაჩივრებს. ეს გადაწყვეტილება არაა საბოლოო, დეტალებს კი აუცილებლად გაცნობებთ“, - წერს „დინამო თბილისის“ ფეისბუქგვერდი.