მარია ზახაროვა მითს უწოდებს რუსეთის მიერ საქართველოს საზღვრების შეცვლას
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, რუსი მესაზღვრეები „სამხრეთ ოსეთის და საქართველოს საზღვარზე“ არანაირ სამუშაოებს არ აწარმოებენ.
სააგენტო „ტასს“ მოჰყავს ზახაროვას სიტყვები, რომ „რუსი მესაზღვრეები სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე იმყოფებიან სახელმწიფო საზღვრის დაცვის ერთობლივი ძალისხმევის შესახებ 2009 წლის 30 აპრილის ორმხრივი შეთანხმების შესაბამისად და ორი ქვეყნის საზღვარზე არანაირ სამუშაოებს არ ატარებენ.“
ზახაროვას მტკიცებით, საზღვრის მოწყობის ღონისძიებებს გეგმის მიხედვით ახორციელებს სამხრეთოსური მხარე და ამის მიზანია „ორი მეზობელი ქვეყნის მცხოვრებთა უსაფრთხო და უკონფლიქტო ცხოვრების პირობების შექმნა.“
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ქართული და დასავლეთის მედიასაშუალებები და პოლიტიკოსები გააკრიტიკა იმის გამო, რომ 2008 წლის აგვისტოს ომიდან მე-11 წლისთავზე ქმნიან ხელოვნურ აჟიოტაჟს და კვლავ ცდილობენ ე.წ. ბორდერიზაციის კარტის გათამაშებას.
ზახაროვამ მითი უწოდა იმას, რომ რუსეთი საზღვარს ცვლის და საქართველოს ტერიტორიის სიღრმისკენ მიიწევს.
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში 7 აგვისტოს დადგეს ძელები, სადაც ე.წ. სასაზღვრო ღობის, ან მავთულხლართების გავლებას აპირებენ.