ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთის შვიდი სპორტსმენი დროებით ჩამოაშორა შეჯიბრებებს
ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ (IWF) რუსეთის შვიდი სპორტსმენი დროებით ჩამოაშორა შეჯიბრებებს ანტისადოპინგო წესების დარღვევისთვის. მათ შორის არიან მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი დმიტრი ლაპიკოვი, ევროპის ჩემპიონატების პრიზიორები ადამ მალიგოვი და მაქსიმ შეიკო, ევროპის ორგზის ჩემპიონი ნადეჟდა ევსტიუხინა. გადაწყვეტილება მიღებულია იმ მონაცემების საფუძველზე, რომლებიც მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA) მიიღო მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიიდან.
როგორც ივლისში გახდა ცნობილი, WADA-ს ეჭვი აქვს, რომ ანტისადოპინგო წესები დარღვეული აქვს რუსეთის 298 სპორტსმენს. სააგენტოს თანახმად, მოსკოვის ლაბორატორიიდან მიღებული 578 სადოპინგო სინჯიდან ანალიზი გაუკეთდა 150-ს, რომლებიც 43 სპორტსმენს ეკუთვნის. WADA-მ პირველი მონაცემები გადაუგზავნა საერთაშორისო ფედერაციებს, რომლებმაც უნდა შეამოწმონ ანტისადოპინგო წესების დარღვევები.