ბერლინის ფილარმონიის ორკესტრმა ბრანდენბურგის ჭიშკართან კირილ პეტრენკოს დირიჟორობით დაუკრა
ბერლინის ფილარმონიის ორკესტრმა ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის, რუსეთში დაბადებული 47 წლის კირილ პეტრენკოს, დირიჟორობით შეასრულა ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონია ბერლინში, ბრანდენბურგის ჭიშკართან, ღია ცის ქვეშ.
კონცერტი მიეძღვნა ბერლინის კედლის დაცემის 30-ე წლისთავს. ბეთჰოვენის კონცერტის მოსასმენად ისტორიულ ადგილს 35 ათასი ადამიანი ეწვია.
შილერის „სიხარულის ოდას“ ბოლო საგუნდო ნაწილის დასრულების შემდეგ მსმენელებმა აღფრთოვანება გამოხატეს პეტრენკოს და ორკესტის მიმართ.
პეტრენკო ორკესტრის 137-წლიანი ისტორიის მანძილზე მეშვიდე ხელმძღვანელია. ებრაული წარმოშობის მუსიკოსი რუსეთში, ომსკში დაიბადა მუსიკოსების ოჯახში, რომელიც 1990-იანებში ავსტრიაში გადასახლდა.
როცა 2014 წელს რუსეთის არმიამ ყირიმი დაიკავა და კრემლის მიერ ნახევარკუნძულის ანექსია მოხდა, პეტრენკო გამოვიდა მოწოდებით, მოგვარდეს კრიზისი იმგვარად, რომ პატივის სცენ უკრაინის სუვერენიტეტს.