პაპი ფრანცისკე: საკვები არ შეიძლება იარაღად იქცეს ომში
პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ საკვები არ შეიძლება იარაღად იქცეს ომში, რომელიც რუსეთმა წამოიწყო უკრაინის წინააღმდეგ. 85 წლის პონტიფექსმა ვატიკანში, წმ. პეტრეს მოედანზე შეკრებილთა წინაშე გამოსვლისას თქვა, რომ „ღრმა შეშფოთებას იწვევს“ უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის ბლოკადა. ექსპორტისა, რომელზეც მილიონობით ადამიანია დამოკიდებული, განსაკუთრებით უღატაკეს ქვეყნებში.
„არ შეიძლება მარცვლეულის, საბაზისო საკვების, გამოყენება ომში იარაღად!“ - თქვა მან და დასძინა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს საიმისოდ, რომ გადაიჭრას პრობლემა და გარანტირებულ იქნეს ხალხის ფუნდამენტური უფლება საბაზისო საკვებზე.
მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, მან დაბლოკა უკრაინის პორტები და შეაჩერა ათასობით ტონა მარცვლეულის გატანა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ექსპორტიორი ქვეყნიდან.
უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა რუსეთს ასევე ბრალი დასდეს უკრაინიდან მარცვლეულის მარაგის მოპარვაში და შინ გაგზავნაში.
1 ივნისს კრემლმა განაცხადა, რომ პოტენციურ სასურსათო კრიზისში დამნაშავეა რუსეთისთვის დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები და უკრაინის მოქმედებები.