რა სურთ თსუ-ს სტუდენტებს - პროტესტის ორი თვე
დღეს პროტესტის ძირითადი მუხტი უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, პირველ სართულზე, უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი შარვაშიძის კაბინეტში, 109-ე ოთახშია აკუმულირებული. მეოთხე დღეა რამდენი ათეული სტუდენტი ღამეს უნივერსიტეტში, რექტორის კაბინეტში ათენებს.
პროტესტის ორთვიანი ქრონიკა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა საპროტესტო აქციები აპრილის მიწურულს, უფრო ზუსტად კი 20 აპრილს დაიწყო. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კოვიდ-პანდემია დასრულებულად გამოცხადდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ზუსტად ორწლიანი დისტანციური სწავლების შემდეგ, 2 მაისიდან სტუდენტები კვლავ აუდიტორიებსა და უნივერსიტეტის სივრცეს დაბრუნებოდნენ.
20 აპრილი
20 აპრილს, თსუ-ს პირველ კორპუსთან გამართული სოლიდარობის აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ თბილისში გასაქირავებელი ბინების ფასის გაძვირების გამო, რეგიონებში მცხოვრებ სტუდენტებს არ ჰქონდათ საშუალება, სასწავლო წლის მიწურულს თბილისში ჩამოსულიყვნენ და ბინები ექირავებინათ. სწორედ ამიტომ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ისინი სასწავლო წლის კვლავ დისტანციურ რეჟიმში დასრულებას სთხოვდნენ.
11 მაისი
სტუდენტების სამკვირიანმა პროტესტმა შედეგი გამოიღო და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 13 მაისიდან სწავლება შერეული, ე.წ. ჰიბრიდული რეჟიმით გაგრძელდებოდა. ეს გადაწყვეტილება 11 მაისს, სტუდენტებსა და უნივერსიტეტის რექტორს შორის გამართული ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდგომ იქნა მიღებული.
შერეული სწავლების ფორმატი შეეხოთ არა მხოლოდ რეგიონებში მცხოვრებ სტუდენტებს, არამედ თბილისში მყოფებსაც, რაც იმას ნიშნავდა, რომ სტუდენტს საშუალება ჰქონდა სურვილის მიხედვით აერჩია ლექციებს დისტანციურად დაესწრებოდა თუ აუდიტორიაში.
ამ გადაწყვეტილების პარალელურად, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ 13 მაისს განაცხადა, რომ 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დასკვნითი და დამატებითი გამოცდები წარიმართებოდა არადისტანციურ, სრულად დასწრებით ფორმატში, გარდა იმ სტუდენტებისა, რომლებიც იმყოფებიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ანუ, სტუდენტებს გამოცდები აუცილებლად აუდიტორიებში უნდა ჩაებარებინათ.
ადმინისტრაციის ეს გადაწყვეტილება სტუდენტთა მორიგი საპროტესტო ტალღის მუხტად იქცა.
30 მაისი
უნივერსიტეტის სივრცეში მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. ამჯერად სტუდენტებმა გამოცდების ონლაინ ფორმატში ჩატარება მოითხოვეს. თუმცა, ეს არ იყო აქციის მონაწილეთა ერთადერთი მოთხოვნა. გამოცდების დისტანციურ რეჟიმში ჩატარებასთან ერთად, სტუდენტები უნივერსიტეტის ფინანსური გამჭვირვალობისა და სტუდენტთა ღირსეული საერთო საცხოვრებლის მოთხოვნით გამოვიდნენ.
რამდენიმე ასეულმა სტუდენტმა რექტორთან შეხვედრის მოთხოვნით გიორგი შარვაშიძის სამუშაო კაბინეტს მიაკითხეს, თუმცა, სტუდენტებს რექტორი იმ დღეს და არც მომდევნო დღეებში აღარ შეხვედრია.
3 ივნისი
ამ დღეს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა უნივერსიტეტში კანცელარიის ოთახი დაიკავეს. გადაკეტეს კანცელარიის დერეფანი და თქვეს, რომ იმ დრომდე არ დატოვებდნენ უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სივრცეს, სანამ მათ მოთხოვნებზე ქმედით პასუხებს არ მიიღებდნენ.
6 ივნისი
სტუდენტთა პროტესტს 6 ივნისს ახალი მოთხოვნები დაემატა და პრიორიტეტებიც სხვაგვარად გადანაწილდა. თუკი აქამდე სტუდენტთა ნომერ პირველი მოთხოვნა გამოცდების დისტანციურ რეჟიმში ჩატარება იყო, 6 ივნისიდან ამ მოთხოვნამ მესამე ადგილზე გადაინაცვლა. მოთხოვნათა ნუსხას კი თავში მოექცა უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი შარვაშიძის გადადგომა და რექტორის არჩევის წესის ცვლილება. სტუდენტებმა მოითხოვეს, რომ ნაცვლად 38-კაციანი აკადემიური საბჭოსი, რექტორს უნდა ირჩევდეს ამავე უნივერსიტეტის პროფესორთა სრული უმრავლესობა, პირდაპირი, ფარული კენჭისყრით.
10 ივნისი
10 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის პირველ სართულზე, რექტორის კაბინეტთან განსაკუთრებული ხმაური იყო. სტუდენტთა ჯგუფმა რექტორის კაბინეტი დაიკავა, რასაც წინ ინციდენტი უძღოდა. უნივერსიტეტის პრეს-სამსახურის ცნობით, სტუდენტებსა და უნივერსიტეტის თანამშრომლებს შორის დაპირისპირებისას უნივერსიტეტის დაცვის 4 თანამშრომელი დაშავდა და ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. ადმინისტრაციამ უნივერსიტეტში გამოიძახა პოლიცია. სოციალურ ქსელში კი გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სტუდენტებს ძალის გამოყენებით გაჰყავთ რექტორის კაბინეტის მიმდებარე ტერიტორიიდან რამაზ ხომერიკი, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს შესახებ განმარტება საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა მეორე დღეს, 11 ივნისს გააკეთეს:
"სიტუაციის გამწვავება გამოიწვია რამაზ ხომერიკის აქციაზე გამოჩენამ, რომელიც აქტიურად იცავდა "რექტორის კაბინეტს", რაც მის კომპეტენციას საერთოდ არ წარმოადგენს. ჩვენი არაერთი თხოვნისა, მან არ დატოვა პოტენციური გამწვავების არეალი. მიუხედავად ამ გაურკვეველი ქმედებისა, რა თქმა უნდა, აზრის დაფიქსირება არ გამხდარა მისი მიუღებელი ფორმით განრიდების მიზეზი. ჩვენს ინტერესებში არ შედიოდა რომელიმე წარმომადგენლის ჯანმრთელობის შესაძლო დაზიანება. ამასთანავე, ბატონი რამაზი საკუთარი პოსტის კომენტარში აღნიშნავს, რომ ეს არ ყოფილა მიზანმიმართული ფიზიკური შეურაცხყოფა. ჩვენ არ გვსურდა მოვლენების ამგვარად განვითარება, შესაბამისად სტუდენტური მოძრაობა ბოდიშს იხდის პროტესტის გამოხატვის თავისუფლების გადამეტებისთვის".
რამაზ ხომერიკმა უნივერსიტეტში მომხდარ ინციდენტზე 11 ივნისს თქვა:
„პირდაპირ ვამბობ, არაფერი ხელის დარტყმის მსგავსი არ იყო, უბრალოდ წამათრიეს იქითკენ, დამდეს კორიდორის ბოლოში. არანაირი გამოსავალი არ არსებობს. უნდა შეეგუონ ერთ რაღაცას, რომ გამოცდები უნდა დაწერონ არადისტანციურად, უნდა ჩავიდნენ რომელიმე საგამოცდო ცენტრში და დაწერონ იქ გამოცდა“.
ეკატერინე მაისურაძემ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტმა და სტუდენტური მოძრაობის „ბრძოლა განათლებისათვის“ ერთ-ერთმა წევრმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სტუდენტებმა რამაზ ხომერიკი მხოლოდ იმიტომ გაიყვანეს ტერიტორიიდან, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეჰქმნოდა:
„მისთვის არავის მიუყენებია შეურაცხყოფა. იმ დღეს რექტორის კაბინეტთან ძალიან ბევრი ხალხი იყო. უცებ ბატონი რამაზ ხომერიკიც წაიქცა, ცუდად გახდა. მასთან ერთად შეუძლოდ გახდა ჩვენი ერთ-ერთი ორგანიზატორიც. ორივე წამოაყენეს სტუდენტებმა. ბატონ რამაზს ვთხოვდით, რომ დაეტოვებინა ტერიტორია, იქ ისეთი უჰაერობა იყო... მას რომ რაიმე მოსვლოდა, ჩვენი ბრალი იქნებოდა. ჩვენ ეს ნამდვილად არ გვინდოდა. ამიტომ სტუდენტებმა გამოიყვანეს. ამ ადამიანმა თვითონვე განაცხადა, რომ მასზე არავის უძალადია“.
რაც შეეხება დაცვის ოთხი თანამშრომლის დაშავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, ეკატერინე მაისურაძე ამბობს:
„ეს ადამიანები ძალიან მცირე ხნით დააყოვნეს კლინიკაში, გადაუღეს რენტგენი და უკან დაბრუნდნენ. მერეც აქ იდგნენ. თქვეს, რომ დაჟეჟილობები გვაქვსო. ადმინისტრაციის წევრებმა დაჟინებით მოითხოვეს მათი კლინიკაში გადაყვანა“.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის პროფესორებს მიაჩნიათ, რომ 10 ივნისს, უნივერსიტეტში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, „აუცილებლად უნდა დაიწყოს რეაგირება, როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, ასევე, სამართალდამცავი უწყებების მიერ“. განცხადება ამის შესახებ მათ 11 ივნისს გაავრცელეს.
უნივერსიტეტის ადმინისტრაციის განმარტებით, სამართალდამცავების მიერ უკვე გამოიკითხნენ 10 ივნისს დაშავებული თანამშრომლები. რაც შეეხება სტუდენტებს, ნატა ასათიანის, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის განმარტებით, „ფაკულტეტების საბჭოები იმსჯელებენ თითოეულ შემთხვევაზე, რაც ადმინისტრაციას კადრების დონეზე აქვს დაფიქსირებული“.
რას ითხოვენ სტუდენტები დღეს
სტუდენტთა მოთხოვნებს 13 ივნისს კიდევ ერთი მოთხოვნა დაემატა.
დღეს სტუდენტები ითხოვენ:
განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან, მიხეილ ჩხენკელთან შეხვედრა;
საერთო საცხოვრებლის მშენებლობა;
საგამოცდო ფორმატის ცვლილება;
რექტორის გადადგომა და რექტორის არჩევის წესის ცვლილება;
ფინანსური გამჭვირვალობა.
როგორც ეკატერინე მაისურაძე გვეუბნება,
„ვთხოვთ ბატონ მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს, რომ მოვიდეს უნივერსიტეტში. ჩვენ არ გავალთ აქედან, სანამ ის არ მოვა და არ დაგველაპარაკება ისეთ თემებზე, რომლებიც არ აინტერესებს რექტორს - სტუდენტური საერთო საცხოვრებელი და უნივერსიტეტის ფინანსური გამჭვირვალობა“, - გვეუბნება ეკატერინე მაისურაძე, სტუდენტური პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე.
გამოცდების დისტანციურ რეჟიმში ჩატარება
რაც შეეხება გამოცდების ონლაინ ფორმატში ჩატარების მოთხოვნას და საზოგადოების ნაწილში გავრცელებულ მოსაზრებას, რომ სტუდენტები მხოლოდ იმიტომ ითხოვენ გამოცდების დისტანციურ რეჟიმში ჩატარებას, რომ მათი კომპეტენცია არ ეყოფა აუდიტორიებში გამოცდების ჩაბარებას და ამ მისიის შესასრულებლად „მარტივ ფორმას“ ირჩევენ, ეკატერინე მაისურაძე ამბობს:
„ძალიან გვინდა, რომ ეს კარგად გაიგოს საზოგადოებამ. ჩვენ არ ვითხოვთ, რომ გინდა თუ არა, ონლაინ ჩატარდეს გამოცდები. ვინც თბილისში ვართ, არ გვაქვს იმის პრობლემა, რომ მივიდეთ უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში და იქ ჩავაბაროთ გამოცდები. არცერთ სტუდენტს, რომელიც დღეს აქ დგას, არ აქვს პრობლემა, რომ ადგილზე ჩააბაროს გამოცდა. ჩვენ ვითხოვთ, რომ ან საგამოცდო ცენტრები დაამატონ საქართველოს ყველა რეგიონში, დიდ ქალაქებში, ან ონლაინ გამოცდები ჩაატარონ. ჩვენ იმ 2000-ზე მეტი სტუდენტის სახელით ვლაპარაკობთ, რომლებიც საგამოცდო ცენტრებში ვერ მივლენ ფინანსური პრობლემების გამო“.
როგორც ეკატერინე მაისურაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, სწორედ 2000-მდე სტუდენტმა მიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას წერილით, რომ მათ არ ჰქონდათ თბილისში, ქუთაისსა და ახალციხეში გახსნილ საგამოცდო ცენტრებში ჩასვლის შესაძლებლობა:
„გამოცდების პროცესი გრძელდება ერთი თვე, დაახლოებით ექვსჯერ ან შვიდჯერ მოუწევს სტუდენტს ან თბილისში და ან ქუთაისსა და ახალციხეში მოწყობილ საგამოცდო ცენტრში ჩასვლა. ჯერ ისედაც რა ხელფასზე მუშაობენ სტუდენტები და იმასაც თუ ასე გზაში, წინ და უკან სიარულში დახარჯავენ, იქ კვებაც ხომ უნდათ, მერე მთელი თვე რითი იარსებონ. მთელი თვე გამოცდებზე სიარული მათ რამდენიმე ასეული ლარი დაუჯდებათ. როდესაც ადმინისტრაცია ამბობს, რომ მაგალითად, ჰიბრიდული გამოცდების ფორმატის შეთავაზებისას, არათანაბარ პირობებში ჩავაყენებთ სტუდენტებს შეფასების კუთხითო, მე მაქვს ასეთი კითხვა - არიან თუ არა არათანაბარ პირობებში სტუდენტები, როდესაც ერთს უწევს, მაგალითად, თიანეთიდან ჩამოსვლა გამოცდაზე და მეორეს, რომელიც თბილისში ცხოვრობს, გამოცდაზე თბილისიდან მისვლა. გამოცდაზე მისასვლელად, რეგიონიდან ჩამოსულ სტუდენტს სრულიად სხვა ფინანსური და ფიზიკური რესურსის დახარჯვა მოუწევს“.
ნატა ასათიანი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სტუდენტთა მოთხოვნა, გამოცდები ჩატარდეს ონლაინ-რეჟიმში, არ დაკმაყოფილდება. მისი თქმით, ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. პირველი, ეს არის განათლების ხარისხის უზრუნველყოფა. მეორე მიზეზი კი რეგიონებიდან ჩამოსული ის სტუდენტები არიან, რომლებმაც უკვე იქირავეს თბილისში ბინები და გამოცდების აუდიტორიებში ჩაბარება სურთ:
„ყველა საერთაშორისო უმაღლესმა აღიარა, რომ არ არის ეფექტური გამოცდის დისტანციურად ჩაბარება და რომ აუცილებელია გამოცდა ჩაბარდეს სააუდიტორიო ფორმატში. სტუდენტების ნაწილი ამბობს, რომ მოგვეცით საშუალება, სტუდენტების ნაწილმა აუდიტორიაში ჩააბაროს გამოცდები და ნაწილმა ონლაინ. ეს არის სტუდენტების უთანასწორო პირობებში ჩაყენება, რომ ამას ვერაფრით დავუშვებთ. მათ სხვადასხვანაირად ვერ შევაფასებთ. მეორე ვარიანტია, რომ გამოცდები მთლიანად ონლაინ ჩატარდეს. სრულად ონლაინ-ფორმატში გამოცდების ჩატარება პირდაპირ ურტყამს განათლების ხარისხს. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვლაპარაკობთ ფორმალურ განათლებაზე. ეს არ არის ტრენინგ-კურსები, ეს არის ფორმალური განათლება, რომლის აუცილებელი კომპონენტია გამოცდა სააუდიტორიო სივრცეში, სადაც ფასდება ცოდნა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ხარისხის გამო ვეღარ ჩავატარებთ გამოცდებს ონლაინ. გარდა ამისა, რას ვეუბნებით იმ ათასობით სტუდენტს, რომლებიც ჩამოვიდნენ, ესწრებიან ლექციებს აუდიტორიებში და რომლებსაც ნაქირავები აქვთ ბინები, ცხოვრობენ თბილისში და აქვთ მოლოდინი, რომ ისინი ჩააბარებენ გამოცდებს აუდიტორიებში. რა ვუთხრათ მათ, რომ რაკი მცირე ჯგუფმა გადაწყვიტა პროტესტი, ისევ ონლაინ-რეჟიმზე გადავდივართ? ეს უსამართლობა იქნება ამ სტუდენტებთან“.
მაინც რამდენი სტუდენტი დგას პროტესტის უკან?
დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 22 000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს. ადმინისტრაციის ოფიციალური მონაცემებით, მათგან 10 000-მდე სტუდენტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდანაა.
როგორც ეკატერინე მაისურაძე გვეუბნება, მიუხედავად იმისა, რომ საპროტესტო აქციებზე მხოლოდ რამდენიმე ასეული, დაახლოებით 300-მდე სტუდენტი ჩანს, მათ უკან 7000-ზე მეტი სტუდენტი დგას. ის ამბობს, რომ სტუდენტთა დახურულ ჯგუფში, რომელიც სოციალურ ქსელში შეიქმნა, სწორედ ამდენი წევრია გაერთიანებული:
„ანუ ამ პროტესტს მხარს უჭერს უნივერსიტეტის სტუდენტების დაახლოებით 40%. და ჩვენზე ამბობენ, რომ მცირე ჯგუფი ვართ. მცირე ჯგუფი კი არ ვართ, უბრალოდ, არ ვჩანვართ იმიტომ, რომ ის ადამიანები, რომლებიც პროტესტს უერთდებიან, რეგიონებში არიან გაფანტულები და თბილისში ფიზიკურად ვერ ჩამოდიან. აქ ვდგავართ ისინი, ვინც თბილისში ვართ“.
ღირსეული სტუდენტური საცხოვრებელი
კიდევ ერთი მთავარი მოთხოვნა, რომელიც პროტესტის მონაწილეების აზრით, რეგიონიდან ჩამოსულ სტუდენტებს დედაქალაქში სწავლისა და ცხოვრების პირობებს მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს, ეს არის სტუდენტური საცხოვრებელი, სადაც მათ ცხოვრების ღირსეული პირობები ექნებათ:
„ვითხოვთ, აშენდეს საერთო საცხოვრებელი, რომელიც ძალიან ბევრ სტუდენტს დაუკმაყოფილებს საცხოვრებლის მოთხოვნას და შეუმსუბუქებს იმ სოციალურ მდგომარეობას, რომელიც სტუდენტს დღეს აქვს იმის გამო, რომ ქირაში იხდის ამხელა ფულს. ბაგების სტუდენტურ საცხოვრებელში ღამის გათენება საშიშია და ვფიქრობ, რომ იქიდან ყველა სტუდენტი უნდა გაიყვანონ, რადგან, ნებისმიერ დროს შეიძლება, რომ იქ მაგალითად, ცეცხლი გაუჩნდეს გაყვანილობას, ჩამოვარდეს ფანჯრები და ა.შ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ეკატერინე მაისურაძე.
დღეს თბილისის სახელმწიფოს უნივერსიტეტი ორ სტუდენტურ საცხოვრებელს ფლობს. ერთს ბაგებში, მეორეს კი ლისზე. ჯამში, ეს ორი სტუდენტური საცხოვრებელი 550 სტუდენტზეა გათვლილი. მათგან 320 ადგილი ლისზე არსებულ საერთო საცხოვრებელზე მოდის, რომელიც 2013-2014 წლებში აშენდა.
რაც შეეხება ბაგებში არსებულ სტუდენტურ საცხოვრებელს, როგორც ნატა ასათიანი ეუბნება რადიო თავისუფლებას, 2019 წელს, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე, ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ „ამ შენობების გამაგრება-რეაბილიტაცია აზრს იყო მოკლებული“. აქედან გამომდინარე, ნატა ასათიანის თქმით, გადაწყდა, ახალი საერთო საცხოვრებლის აშენება, თუმცა, პანდემიამ მშენებლობის დაწყებას ხელი შეუშალა:
„მაშინ გადაწყდა, რომ აშენებულიყო 3000 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი, რომელიც მოემსახურებოდა როგორც თსუ-ს სტუდენტებს, ისე ყველა სხვა უნივერსიტეტის სტუდენტს და აქაც თსუ-მ გამოიჩინა სწორი პოზიცია და თქვა, რომ მე დაგითმობთ ჩემს ტერიტორიას, აქ აშენდეს საერთო საცხოვრებელი, რომელსაც ყველა უნივერსიტეტის სტუდენტები გამოიყენებენ. გამოცხადდა კონკურსი, გამოჩნდნენ ინვესტორებიც, თუმცა, დაიწყო პანდემია. ეს საცხოვრებელი უნდა აშენებულიყო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე. პანდემიის პირობებში ინვესტორებმა ვერ გარისკეს თანხის გაღება. ახლაც ვმუშაობთ ამ მიმართულებით და არის რამდენიმე ვერსია, რომლებსაც განვიხილავთ და უახლოეს პერიოდში გადაწყდება, აშენდება მხოლოდ თსუ-ს სტუდენტებისთვის დაახლოებით 1000 სტუდენტზე გათვლილი საცხოვრებელი, თუ უფრო დიდი სტუდენტური საცხოვრებელი. ეს ჯადოსნური ჯოხის ერთი აქნევით ვერ მოგვარდება. მშენებლობას ეხება და გრძელვადიანი პროცესია“.
ნატა ასათიანის თქმით, დღეს, ლისზე არსებულ საერთო საცხოვრებელში არის 50-მდე თავისუფალი ადგილი, სადაც სტუდენტებს, რომლებსაც თბილისში საცხოვრებლის პრობლემა აქვთ, გამოცდების პერიოდში შეუძლიათ უსასყიდლოდ დასახლდნენ:
„ლისზე არსებულ საერთო საცხოვრებელში ისეთი პირობებია, როგორი პირობებიც ძალიან ბევრ და პრესტიჟულ სტუდენტური საერთო საცხოვრებელში არ არის. 50-ზე მეტი თავისუფალი ადგილია ახლა იქ. და მხოლოდ 7 განაცხადია შემოსული. ჩვენ სტუდენტებს გამოცდების პერიოდში ნაცვლად 150 ლარისა, სრულიად უსასყიდლოდ ვთავაზობთ სტუდენტურ საცხოვრებელში დაბინავებას, მაგრამ ჩვენს განცხადებებს მხოლოდ 7 სტუდენტი გამოეხმაურა“.
თუმცა,ფაქტია, რომ ლისის სტუდენტურ საცხოვრებელში 50 თავისუფალი ადგილის შეთავაზება, ვერ მოაგვარებს იმ ასეულობით თუ ათასობით სტუდენტის პრობლემას, რომელიც მათ საცხოვრებელთან დაკავშირებით აქვთ.
მიუხედავად პროტესტისა, რექტორის კაბინეტში შეკრებილი სტუდენტები დღეს გამოცდებისთვის ემზადებიან. როგორც ისინი ამბობენ, ესწრებიან ლექციებსაც და წერით დავალებებსაც ასრულებენ. ამ ეტაპზე, ელოდებიან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოხმაურებას - მივა თუ მინისტრი მათთან შეხვედრაზე.
როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს პრეს-სამსახურში ეუბნებიან რადიო თავისუფლებას, მინისტრთან შეხვედრის დაგეგმვა მხოლოდ ოფიციალური, წერილობითი განცხადების შემდეგაა შესაძლებელი. გარდა ამისა, მინისტრს მჭიდრო სამუშაო გრაფიკი აქვს და წინასწარ უცნობია, შეძლებს თუ არა ან როდის შეძლებს მინისტრი სტუდენტებთან შეხვედრას.
რა იქნება თუკი სტუდენტების მოთხოვნები არ შესრულდება?
„რა თქმა უნდა, ჩვენ რექტორის კაბინეტიდან ადრე თუ გვიან გავალთ, მაგრამ ჩვენ სექტემბერში ისევ მოვალთ. სექტემბერში ეს პრობლემები ისევ იარსებებს. ახლა სიმართლე დგას ჩვენს მხარეს“, - ამბობენ სტუდენტები.
