ბენ სტილერი ზელენსკის: ჩემთვის ეს დიდი პატივია… თქვენ ჩემი გმირი ხართ
“ჩემთვის ეს დიდი პატივია… თქვენ ჩემი გმირი ხართ”, – ამ სიტყვებით დაიწყო უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრა ჰოლივუდის მსახიობმა და გაეროს კეთილი ნების ელჩმა, ბენ სტილერმა, რომლის ვიზიტიც უკრაინაში ლტოლვილთა მსოფლიო დღეს დაემთხვა.
“ის, რაც თქვენ გააკეთეთ, თუ როგორ გააერთიანეთ თქვენი ქვეყანა და მსოფლიო, ეს ნამდვილად შთამაგონებელია”, – განაცხადა ჰოლივუდის 56 წლის მსახიობმა, რომელსაც მხედველობაში ჰქონდა უკრაინისადმი მხარდაჭერის მოპოვების მიზნით ზელენსკის გამოსვლები მსოფლიო პარლამენტების წინაშე.
ზელენსკიმ და სტილერმა განიხილეს უკრაინასა და პოლონეთში მყოფი იმ დროებით გადაადგილებული პირების საჭიროებები, რომლებიც სტილერმა კიევში გამგზავრების წინა დღეს მოინახულა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, ზელენსკიმ და სტილერმა ასევე ისაუბრეს “უკრაინის ხელისუფლების შემდგომი თანამშრომლობის გზებზე გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან.”
20 ივნისს უკრაინაში მყოფი გაეროს კეთილი ნების ელჩი ეწვია კიევთან ახლოს მდებარე ქალაქ ირპენს, რომელიც ომის დასაწყისში რუსი სამხედროების სისასტიკის სიმბოლოდ იქცა.
