ავარიის შედეგად კახეთში უცხოელი ტურისტები და მათი ქართველი მასპინძლები დაშავდნენ
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა კახეთში, ბაკურციხე-თბილისის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე. დაშავებულია 12 ადამიანი, მათგან 9 უცხოელი ტურისტია - 1 მძღოლი და 2 გიდი.
ისინი გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსის კლინიკაში არიან გადაყვანილი. როგორც რადიო თავისუფლებას კლინიკის მთავარმა ექიმმა გელა ორველაშვილმა განუცხადა, ერთ-ერთ დაშავებულს ამ წუთებში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება, მეორეს კი საოპერაციოდ ამზადებენ.
„ორივე დაშავებული, რომლებსაც ოპერაცია დასჭირდათ, საქართველოს მოქალაქეა. მათ მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნებათ. ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დანარჩენ დაშავებულებს პირველადი დახმარება გაეწიათ და თავს კარგად გრძნობენ“, - თქვა გელა ორველაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ტურისტები არიან ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, ისრაელიდან და რუსეთიდან.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, უცხოელი ტურისტების შერეული ჯგუფი თბილისიდან კახეთში ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად სამარშრუტო მიკროავტობუსით მიემგზავრებოდა.
ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ მომხდარის დეტალებს ამ წუთებში არკვევენ და დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით ექნებათ.