სოფო ჩერქეზიშვილი: ადამიანები ჩემთვის არიან გემები, რომლებიც ჩერდებიან იქ როცა საჭიროა და სადაც საჭიროა
“Gamrekeli Modern”-ში, რომელიც აერთიანებს საგამოფენო პლატფორმას, საგანმანათლებლო პროგრამას, სტუდია, სახელოსნოს და შოურუმს კონცეპტუალისტი მხატვრის, სოფო ჩერქეზიშვილის პერსონალური გამოფენა, სახელწოდებით „თუ დაგჭირდება, გემებიც გაჩერდებიან“, გაიმართა.
ნინო ჩხეიძე: სოფო, როდის და რატომ ჩერდება გემი?
სოფო ჩერქეზიშვილი: ადამიანები ჩემთვის არიან გემები, რომლებიც ჩერდებიან იქ როცა საჭიროა და სადაც საჭიროა. ადამიანი დაბადებიდან წყალში შედის და ცხოვრების დინებას უერთდება და ის ჩერდება, როგორც გემი, მაშინ როცა სჭირდება.
ნინო ჩხეიძე: ფერი თქვენს შემოქმედებაში. ფერები და ქალები, რომლებიც თქვენი შემოქმედების უწყვეტ ამბავს მოგვითხრობს
სოფო ჩერქეზიშვილი: ქალებმა მიიღეს უფრო აბსტრაქტული ფორმა. ისინი თითქოს სხვა, გეომეტრიული ფორმით დავინახე. ფორმას ემატება ფერი, რომელიც მათ უფრო ხელოვნურს გახდიდა.
ნინო ჩხეიძე: მერამდენე პერსონალური გამოფენაა… თქვენ პანდემიის დროსაც გქონდათ პერსონალური გამოფენა
სოფო ჩერქეზისვილი: აღარ მახსოვს. თუმცა, როცა სიუჟეტურად დასრულებულია ნახატების სერია, ჩნდება პერსონალური გამოფენის იდეაც.
ნინო ჩხეიძე: ჯგუფურ გამოფენებში თუ იღებთ მონაწილეობას? მახსენდება, თქვენ პანდემიის დროს მონაწილეობა მიიღეთ პროექტში „შეხების წერტილი“
სოფო ჩერქეზიშვილი: ძალიან საინტერესო პროექტი იყო, რომელიც 2020 წელს განხორციელდა. ზოგადად, იშვიათად ვიღებ მონაწილეობას ჯგუფურ გამოფენებში, მხოლოდ მაშინ, როცა ვხვდები რომ ჩემი ნახატი ჯგუფური გამოფენის თემატიკაში ჯდება.
გამოფენის კურატორი ნინო გუჯაბიძე:
სოფო ჩერქეზიშვილის შემოქმედება ერთგვარი ფერწერული ფუგაა, სადაც უკვე ნაცნობი თემები სხვადასხვა ტონალობებში მეორდება. მისი ტილოების გმირები თვითგადარჩენის გზების ძიებაში ქმნიან უწყვეტ დინამიურ ფერწერულ „გზას.’’ სოფოს ახალი პროექტი „თუ დაგჭირდება გემებიც ჩერდებიან“ სწორედ ამ „გზის“ გაგრძელებაა. ამ უწყვეტი ფერწერული ისტორიის მორიგი ეპიზოდი მნახველს საშუალებას მისცემს საკუთარ წარმოსახვაში მოირგოს მხატვრის მიერ შექმნილი ფერწერული სხეული და გახდეს მისი თანამოაზრე ან უბრალოდ დამკვირვებელი.