რაფაელ გროსი: გაეროს ბირთვული სააგენტოს მისია უკრაინის ბირთვულ სადგურზე ტექნიკური ხასიათისაა. მისია ზაპოროჟიეში ჩავიდა
ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოსIAEA ხელმძღვანელი, რაფაელ გროსი, რომლის ხელმძღვანელობით 14 კაციანი მისია ზაპოროჟიის ელექტროსადგურის ინსპექტირებას ჩაატარებს ამ დღეებში, ამბობს, რომ დაგეგმილი სტუმრობა უკრაინის ელექტროსადგურზე „ტექნიკურ მისიას“ წარმოადგენს და მისი მიზანია ბირთვული ავარიის თავიდან აცილება.
მისია 31 აგვისტოს შუა დღისთვის ჩავიდა უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეში, რომელიც რუსეთის ჯარის ხელში მყოფი ატომური ელექტროსადგურიდან 55 კილომეტრში მდებარეობს.
ევროპის უდიდეს ატომურ ელექტროსადგურს კვლავაც უკრაინელი სპეციალისტები მართავენ. ექსპერტების მიზანია შეამოწმონ, ხომ არ არის სადგური დაზიანებული და გასინჯონ უსაფრთხოების სისტემების ფუნქციონირება. კიევიდან გამგზავრების წინ სააგენტოს ხელმძღვანელმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ „რამდენიმე დღით იქ დავრჩებით“. ამასთან, რუსეთის მიერ დანიშნული "დროებითი ადმინისტრაციის" ე.წ. ხელმძღვანელმა ევგენი ბალიცკიმ კრემლის მიერ კონტროლირებულ სააგენტო "ინტერფაქსს" უთხრა, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტთა ვიზიტის პროგრამა ერთ-დღიანია და სადგურის მუშაობას ერთ დღეში უნდა გაეცნონ.