ირანის ქალაქ ყუმში მოხდა თავდასხმა ორ იმამზე, სასულიერო პირებზე გახშირებული თავდასხმების ფონზე
ორ იმამს უცნობი პირები დაესხნენ თავს ირანის ქალაქ ყუმში. ეს თავდასხმა უკანასკნელია სასულიერო პირებზე გახშირებულ თავდასხმათა შორის მთელი ქვეყნის მასშტაბით.
საინფორმაციო სააგენტო Hawzah -ის ცნობით, რომელიც ყუმის ისლამურ სემინარიასთან არის დაკავშირებული, ორი ახალგაზრდა მამაკაცი იმამებს თავს დაესხა "რკინის მილით უმიზეზოდ". დაზიანდა სასულიერო პირების მანქანებიც. ერთი მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს და ოპერაცია სჭირდება, იტყობინება Hawzah. ყუმის პოლიციის დეპარტამენტს მომხდარის შესახებ ანგარიში ჯერ არ გამოუქვეყნებია.
ბოლო თვეების განმავლობაში გახშირდა ცნობები ირანის სხვადასხვა რაიონში სასულიერო პირებზე თავდასხმის შესახებ. ამ დროს ირანის მოსახლეობაში დაძაბულობა იზრდება საცხოვრებელი პირობების გაუარესების გამო.
მოჰამად თაღი ფაზელ მეიბოდიმ, ისლამური სემინარიის უფროსმა თანამშრომელმა, ადრე თქვა, რომ ბევრი სასულიერო პირი და სემინარიის სტუდენტი არ ჩნდება საჯარო შეკრებებზე ხალხის მხრიდან მათი "დაცინვის და ლანძღვის" გამო.