რუსეთი მუსიკოს როჯერ უოტერსს სთხოვს, გაეროში ილაპარაკოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე
რუსეთმა ინგლისელ მუსიკოსს, ლეგენდარული როკჯგუფის, Pink Floyd-ის, თანადამაარსებელ როჯერ უოტერსს სთხოვა, 8 თებერვალს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ილაპარაკოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხზე.
უოტერსი უკრაინის მხარდამჭერებმა გააკრიტიკეს, როცა სექტემბერში გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც გაილაშქრა დასავლეთის მხრიდან კიევისთვის იარაღის მიწოდების წინააღმდეგ.
"ვნახოთ, რას იტყვის. მას აქვს პოზიცია, რომელსაც ხვალ მოისმენთ", - თქვა გაეროში რუსეთის ელჩმა ვასილი ნებენზიამ.
გაეროს უშიშროების საბჭოში ათობით სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, თუმცა საბჭო ნაბიჯებს ვერ დგამს, რადგან რუსეთი იქ ვეტოს უფლებით სარგებლობს.